რუსთავის მნიშვნელოვანი ამბები

2020-01-09 10:40:20

რუსთაველები აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქში მიმდინარე პროცესებში, ეს თქვენი მხრიდან საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავით" დაინტერესებაშიც კარგად ჩანს, თუმცა, მათთვის, ვისაც გასული წლის მთავარი მოვლენები გამოეპარათ, საინფორმაციო სააგენტომ 2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა მოამზადა.

რა მოხდა მნიშვნელოვანი 2019 წელს?

1. გაიზარდა მგზავრობის ტარიფი - "ინტერტრანსის" ირგვლივ, ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია,  2019-შიც იყო ბევრი კრიტიკა, პროტესტი და საჯარო განხილვა. ეს იმიტომ, რომ გასულ წელს, ტრანსპორტის კუთხით, რუსთაველებისთვის საკმაოდ უსიამოვნოდ განვითარდა მოვლენები. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრის გადაყვანა გაძვირდა და 1.50-დან 1 ლარამდე და 80 თეთრამდე მოიმატა. საფასურის ზრდას მოჰყვა საპროტესტო ტალღა. ერთ-ერთ აქციაზე მისულმა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი ხელით ჩამოხსნა ყვითელი მიკროავტობუსიდან მგზავრობის საფასური და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კომპანიის მხრიდან ფასის თვითნებურად გაზრდის გამო, მძღოლებისთვის გადაეხადათ ისევ 1.50. მიუხედავად ამისა, მგზავრობის ახალი ტარიფი ოფიციალურად მალე დამტკიცდა და  2019-მა დაგვიტოვა ასეთი შედეგი, დღეს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილებაში მგზავრი 1 ლარსა და 80 თეთრს იხდის.

2. გამცხადდა ტენდერი ავტობუსებზე -  ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება და ძირს სატრანსპორტო ბაზარზე გამეფებული მონოპოლია, ეს იყო რუსთაველების მთავარი მოთხოვნა მგზავრობაზე ფასის ზრდის შემდეგ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კი მოთხოვნებს ასეთი პასუხი მოჰყვა, ახალი ავტობუსები რუსთავში. ტენდერი რუსთავისთვის 40 ავტობუსის შესაძენად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს გამოაცხადა. რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კი ასეთი პირობები დევს, კომპანია, რომელიც მგზავრთა გადაყვანას თბილისისკენ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით განახორციელებს, მგზავრებს უნდა მოემსახუროს 90 თეთრიდან 1.20 ლარამდე თანხის ფარგლებში.

3. დაჯარიმდა საწარმო "ჯეოსთილი" - რუსთავი 2019 წელს იყო ყველაზე აქტიური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით. გასულ წელს სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" ორგანიზებით, გაიმართა საპროტესტო აქციები, მათ შორის იყო შედარებით მასშტაბური აქცია-პერფორმანსი "ტექნოგენური თაობის დასასრული". საპროტესტო ტალღას, მოსახლეობისა და განსაკუთრებით ეკოაქტვისტების ჩართულებას, შედეგიც მოჰყვა. გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა "ჯეოსთილში" 2 თვიანი ინსპექტირება განახორციელა, გამოვლენილი დარღვევების გამო კი საწარმო 5 000 ლარით დაჯარიმდა.  მოსახლეობის აზრით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი კერა სწორედ "ჯეოსთილია". მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველები პირად საუბრებში თუ სოც.ქსელში აფიქისრებდნენ აზრს, რომ აღნიშნული თანხა არასაკმარისია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ სანქციის გატარება, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით, პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

4. დაჯარიმდა სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი" - 2019, სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ბევრი ადამიანის გონებაში დარჩება, როგორც ქალაქში უსიამოვნო სუნის შემოდინების წელიწადი. სოკოს საწარმო "თეთრ ქუდთან" დაკავშირებით "ინფო რუსთავი" რამდენიმე წლის წინაც საუბრობდა, თუმცა რუსთაველებისთვის ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური 2019 წელს გახდა. პროტესტმა არც ამ შემთხვევაში დააყოვნა. გასულ წელს საკითხთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, აქტივისტებმა მოაწყვეს სამანქანო მსვლელობაც საწარმოს მიმართულებით. ერთ-ერთ აქციაზე რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა უცხოეთიდან ჩამოიტანდა თანამედროვე დანადგარს, რომელიც შეამცირებდა სუნის გამოყოფას. საწარმომ დანადგარი მართლაც მიიღო. პარალელურ რეჟიმში, მედიის აქტიური ჩართულობით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივიდა შესაბამის უწყებებამდე და საწარმოში ჩატარდა შემოწმება. გამოვლინდა დარღვევები და მართალია მცირედი თანხით, თუმცა "თეთრი ქუდი" დაჯარიმდა.

5. დაიწყო ციხის მშენებლობა - მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა ციხის მშენებლობას რუსთავში. ეს საკითხი ნამდვილად ითვლება წლის ერთ-ერთ მთავარ თემად. 2019 წელს ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს დაიწყო პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. წლის განმავლობაში, რუსთაველები მართავდნენ მასშტაბურ აქციებს პროტესტის გამოხატვის მიზნით. რამდეჯერმე გადაიკეტა გზა, მოეწყო ფეხით მსვლელობაც. გარკვეულ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფიქსირდებოდა პოზიციები, რომ მთავრობამ დაინახა ხალხის განწყობა და ციხის აშენება გადაიფიქრა, თუმცა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკითხს საბოლოოდ დაუსვა წერტილი და "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ მშენებლობა, რომელიც 2019-ში ჭყონდიდელის დასახლებაში დაიწყო, აუცილებლად დასრულდება.

6. დაიწყო სანიაღვრე სისტემის მოწყობა - 2018 წლის მთავარი პრობლემის მოგვარება 2019 წელს დაიწყო. წყალდიდობა, რომელიც რუსთავში მოხდა, ალბათ თითოეული რუსთაველის გონებაში ღრმადაა დალექილი. მრავალმილიონიანი, მასშტაბური პროეტი, რომელის განხორციელებაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, 2019-ში დაიწყო და რუსთაველებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარების გასაღებია.

7. შეწყდა ავტობანის მშენებლობა  - 2019 წელს ფონიჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა შეწყდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის განხორციელების შეჩერება ფონიჭალაში, გზის პირას მცხოვრებლების პროტესტმა და მათ მიერ სახლების დათმობის სანაცვლოდ არაგონივრული თანხების მოთხოვნამ გამოიწვია, რასაც უარყოფენ თავად აღნიშნულ ლოკაციაზე დასახლებულები. გზის პირას არსებული კორპუსების მცხოვრებლები ამ დრომდე აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებების საწარმოებლად. შედგება თუ არა ეს მოლაპარაკებები და გაგრძელდება თუ არა იმ პროექტის განხორციელება, რომელის დასრულებასაც რუსთაველები წლებია ელოდებიან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტი ერთია, რამდენიმე თვეა მშენებლობა აღარ მიმდინარეობს.

8. გაიფიცნენ მეტალურგიის თანამშრომლები - შპს "რუსთავის ფოლადის" სხვადახვა საამქროს თანამშრომლები 2019 წელს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. პირველად, 16 მაისს სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ, მათი მთავარი მოთხოვნა კი ანაზღაურების შემცირების გარეშე, სამცვლიანი სამუშაო გრაფიკიდან ოთხცვლიანზე გადასვლა იყო. საამქროს თანამშრომლების მოთხოვნები მალევე დაკმაყოფილდა, თუმცა, ეს ადამიანები სოლიდარობას უცხადებდნენ 16 მაისს, დღის მეორე ნახევარში გაფიცულ ელექტროფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლებს და აქციებზე მათთან ერთად იდგნენ. აღნიშნულ საამქროში დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა იყო ყველა კატეგორიის თანამშრომლისთვის ანაზღაურების 30%-ით ზრდა. მათი მოთხოვნები სრულად არა, თუმცა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელფასების ზრდა საწარმოში 15%-დან 30%-მდე მოხდა.

9. გადაიღეს რამდენიმე უცხოური ფილმი - კინომწარმოებლებისთვის, რუსთავი, 2019 წელს, საკმაოდ მიმზიდველი ქალქი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში, ქალაქში, 4 უცხოური ფილმის ეპიზოდი გადაიღეს. მათ შორის იყო ქართულ-არაბული სერიალი, "ფორსაჟი 9", "ზეციური ქალბატონი“ და სრულმეტრაჟიანი მხატრვრული ფილმი. გადაღებების მიმდინარეობისას, გარკვეულ ლოკაციებზე, ქალაქში გზების გადაკეტვა ხდებოდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები სდევდა თან. საზოგადოების ნაწილისთვის, ეს დისკონფორტის შემქმნელი აღმოჩნდა, თუმცა, რუსთაველების უფრო დიდი რაოდენობა, მნიშვნელობას ანიჭებდა მსგავსი მასშტაბის ფილმებში საკუთრი ქალაქის გმოჩენას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კინოგადაღებებით სარგებელი ნახა მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა. კინომწარმოებელმა კომპანიებმა გადაღებებზე დაასაქმეს არაერთი რუსთაველი და კომპენსაციები გადაუხადეს იმ კომერციული ობიექტების მეპატრონეებს, რომელთათვისაც გადაკეტილ საგზაო მოძრაობას შესაძლოა გარკვეული სახის ფინანსური ზარალი მოეტანა.

10. განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - 2019 წელი რუსთავისთვის გამორჩეული იყო იმ კუთხით, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაიხარჯა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროეტების სიაშია გაგარინის ქუჩისა და მშვიდობის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობის მოთხოვნა იყო. ასევე ე.წ. "ჩიკაგოსა სკვერისა"  და თეატრის წინ არსებული ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერების რეაბილიტაცია. 2019 წელს რუსთავში აშენდა საცხოვრისი, რაც ასევე მასშტაბური პროექტია. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი მიიღო 52-მა სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახმა.