რუსთავის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტი [video]

2019-10-13 17:31:02

რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტი განხორციელების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, იაღლუჯის ფერდობის გასწვრივ სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რაც ძლიერი წვიმის დროს ფერდობზე წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადების შემოდინებას რუსთავის ქუჩებში ხელს შეუშლის და ქალაქს დატბორვისგან დაიცავს. [ვიდეო/video]

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 500 000 ლარია.

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის სამუშაოები 2 მონაკვეთზე, რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელი გზატკეცილის გასწვრივ და ავტობაზრობიდან მტკვრის სანაპირომდე მიმდინარეობს.  ღვარცოფი, რომელიც ძლიერი წვიმის დროს იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოვა, პირველ მონაკვეთზე მოწყობილ კოლექტორში მოხვდება და შემდეგ მისი ჩადინება მეორე მონაკვეთის მიმართულებით მოხდება.

სანიაღვრე ქსელის მოწყობა იაღლუჯის ფერდობზე 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ჭარბი ნალექის დროს, იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული წყლით რუსთავის ქუჩები და მიკრორაიონები წლების განმავლობაში იტბორებოდა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2018 წლის 2 ივნისს დადგა, როდესაც წყლის დიდმა ნაკადმა ქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

როგორ მიმდინარეობს ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურურლი პროექტის სამუშაოები, ნახეთ ვიდეო.