მეტალურგიასთან აქციები გრძელდება

2019-05-20 14:45:23

რუსთავში, მეტალურგიის ქარხნის ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლებს ადმინისტრაცია შეხვდა და ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით თავისი პირობები შესთავაზა.

ხელმძღვანელობის პირობების თანახმად მუშებს, რომლებსაც აქვთ 500-დან 700 ლარამდე ანაზღაურება მოემატებათ ხელფასის 30%, 700-დან 1000 ლარამდე 20%, 1000 ლარის ზემოთ კი 15%.

"თანამშრომლებს დავპირდით რომ ორშაბათს იქნებოდა შეხვედრა. შეხვედრა 12 საათზე შედგა და ჩვენი პირობები გავაცანით მათ. ხელფასი გაეზრდებათ 15%-დან 30%-მდე სხვადასხვა თანამშრომლებს, ეს დაყოფა არის ანაზღაურების მიხედვით, უფრო დაბალანაზღაურებად კადრებს ეზრდებათ მაღალი პროცენტით, ვიდრე მაღალანაზღაურებადს.  თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მოილაპარაკებენ და ორ საათზე შეხვდებიან საამქროს უფროსს. ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არის მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია" - განაცხადა არჩილ მელიქაძემ.

ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა ნებისმიერი კატეგორიის მუშებს ანაზღაურება გაეზარდოთ 30%-ით, ისინი ამ მოთხოვნით აგრძელებენ აქციას.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს მეტალურგიული ქარხნის, წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს დღის მეორე ნახევარში ფოლადსადნობის და მილსაგრინავი საამქროს 400 თანამშრომელი შეუერთდა. მუშები სამცვლიანი რეჟიმიდან ოთხცვლიან რეჟიმზე გადასვლას, ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.