"ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, ორგანიზებას და მგზავრობას"

2024-04-28 19:24:08

"დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, ორგანიზებას და მგზავრობას, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა შეკრებაზე, კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ კი ვინმე იტყვის, რომ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე - „მე ძალით წამომიყვანეს“, ეს დადგმული პროვოკაცია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ , მათი ტელევიზიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ მიერ.

„გამჭვირვალობა რუსულია? ტრადიციული ღირებულებების დაცვა და უფლებების და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს? და ყველაფერს რუსულს? - თურმე გამჭვირვალობაა რუსული! ასეთი ლოგიკაა მათ მოქმედებაში. და ვინ აკეთებს ამ დროს მტრის საქმეს, ვინ აკეთებს ოკუპანტის საქმეს? - აქ ბოლოში, სწორ ანალიზს აკეთებს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი, რომელიც ხვალ თავისი სიტყვას იტყვის. იმიტომ, რომ ხვალ არ იქნება დიდი ოჯახი და სანათესაო, რომლის წარმომადგენელიც აქციაზე არ იდგება. არ იქნება სოფელი, დაბა, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი იქ არ იქნება. აბულინგებენ, რა სიტყვებითაც ამ ხალხს მოიხსენიებენ, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. ასევე, საჯარო მოხელეებს მიმართავენ. სხვათა შორის რამდენი დავალებაც მე პირადად გავეცი, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია პარტიულ დავალებაზე გელაპარაკოთ.

დიახ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება და მგზავრობა ვუზრუნველვყოთ მთლიანად, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და „უთხრეს არა, შენ უნდა წამოხვიდე“, გარანტირებულად გეუბნებით.. თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ ადამიანებს წამოსვლა არ უნდათ. თუ საჯარო მოხელე იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს და დასწრება არ უნდა, არცერთ ადამიანს არა თუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არ დაუსვამენ, რატომ არ მოდის შეკრებაზე, თუ ვინმეს არ უნდა, ხვალ იმ შეკრებაზე კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, საჯარო მოხელეებს. თუკი ვინმე იტყვის, რომ „მე ძალით წამომიყვანეს“, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს დადგმული პროვოკაცია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ტელევიზიების. ასევე, მდიდარი „ენჯეოების“, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან“, - განაცხადა მდინარაძემ.