აქცია "ტექნოგენური თაობის დასასრული" [video]

2019-11-03 20:20:48

 სოციალური პროექტის „გავიგუდეთ“ აქტივისტების ორგანიზებით, რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია „ტექნოგენური თაობის დასასრული“ გაიმართა. [ვიდეო/video]

აქციას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად რამდენიმე ასეული რუსთაველი დაესწრო.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტეს და ქალაქში მოქმედ საწარმოებს საწარმოო პროცესში არსებული დარღვევების გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მისცეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რუსთავი ეკოლოგიური კატასტორფის წინაშე დგას და აუცილებელია, პრობლემის მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოხდეს. აქციაზე შეგროვდა ხელმოწერებიც პეტიციისთვის, რომელიც "გავიგუდეთ"-ს აქტივისტებმა შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ.

მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სიტყვით გამოსვლა დაასრულეს, მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყო ავტომობილებით. საავტომობილო კოლონამ თავისუფლების მოედნიდან ჯერ საწარმო "ჯეოსთილთან" გადაინაცვლა და შემდეგ ქალაქის მასშტაბით მოქმედი ყველა საწარმო მოიცვა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სოკოს საწარმო "თეთრ ქუდთან" დაასრულეს.

საავტომობილო კოლონები ქარხნებთან სიგნალებითა და როგორც ავტომობილების მძღოლები თავად აღნიშნავენ, "გამაფრთხილებელი ხმაურით" მივიდნენ, საწარმოების წინ ისინი სკანდირებდნენ: "გავიგუდეთ".

"ტექნოგენური თაობის დასასრული" - აქცია პერფორმანსის მთავარი მიზანი რუსთავში არსებული საწარმოების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა იყო და როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ ამ მიზანს არ მიაღწევენ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები