მეტალურგიული ქარხანა განცხადებას ავრცელებს

2019-05-17 18:36:38

შპს „რუსთავის ფოლადი“ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

16 მაისს, დილით სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებმა სამუშაო დატოვეს და ქარხნის ხელმძღვანელობას მოთხოვნები წაუყენეს. კერძოდ, სამცვლიანი სამუშაო გრაფიკიდან ოთხცვლიან გრაფიკზე გადასვლა, ანაზღაურების შემცირების გარეშე. შედგა შეხვედრა საამქროს თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, სადაც  კომპანიის მენეჯმენტი თანამშრომლებს დაპირდა ერთ დღეში პასუხის გაცემას მათ მოთხოვნებზე.

იმავე დღეს, 16 მაისს დღის მეორე ნახევარში გაფიცვას შეურთდნენ ელექტროფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლები. ასევე მოხდა მათთან შეხვედრა და მოთხოვნების განხილვა. ფოლადსადნობი საამქროს საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ვადა ორშაბათამდე.  17 მაისს დაპირებისამებრ მოხდა შეხვედრა კომპანიის მენეჯმენტსა და სორტული გლინვის საამქროს თანამშრომლებს შორის, რომლის დროსაც ეცნობათ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება. „რუსთავის ფოლადი“ იმედოვნებს, რომ წარმოება ორშაბათს, 20 მაისიდან სრულად აღდგება. ასევე კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან იგეგმება სხვა საამქროების თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი მოთხოვების განხილვა"- ნათქვამია განცხადებაში.