რა ბედი ეწევა რუსთავი-თბილისის ავტობანს [video]

2019-10-12 17:53:11

"მინდა მკაფიოდ დავსავა კითხვა, 2020 წლის ბიუჯეტში რუსთავის-თბილისის ავტობანის დასრულების საკითხი და რესურსები არის თუ არა გათვალისწინებული?", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით თანხა გამოყოფილი არ არის, მთავრობამ სამუშაოების დასასრულებლად რესურსები უნდა გამოყოს. [ვიდეო/video]

კითხვაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა ბეგაძეს უპასუხა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობის დასრულებისთვის 2020 წლის ბიუჯეტში სახსრები გამოყოფილი არ არის.

"ეს მონაკვეთი 3 ნაწილად არის დაყოფილი. პირველი და მესამე მონაკვეთი რეალურად დასრულებული გვაქვს და დარჩენილია მეორე მონაკვეთი, რომელიც არის 3 კილომეტრი და 200 მეტრი სიგრძის. როდესაც მეორე ეტაპის სამუშაოებს ვიწყებდით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაუკვეთა შენობების მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლა, რომელიც უცხოურმა საერთაშორისო კომპანიამ განახორციელა. ჩვენ ყველანაირი კვლევა გვქონდა ჩატარებული, როდესაც გზის მშენებლობის საკითხზე დავიწყეთ მუშაობა. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკს ცალკე ჰქონდა შესწავლა გაკეთებული შენობების მდგრადობასთან, ხმაურთან დაკავშირებით.

სხვადასხვა გადაწყვეტილებები შევთავაზეთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსის მცხოვრებლებს, თუმცა წინააღმდეგობაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ზემოქმედება არ ხდებოდა, არსებული ტერიტორიიდან დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით შევეცადეთ, რომ პარკები მოგვეწყო. აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებით შევიდა კონტრაქტორი, რომ სამუშაოები დაეწყო, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მისცა კონტრაქტორს სამუშაოების გაგრძელების საშუალება. აქედან გამომდინარე, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ გავაჩეროთ მეორე მონაკვეთთან დაკავშირებით სამუშაოები, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება ადგილობრივ მცხოვრებლებთან.

ძირითადი მოთხოვნა რაც არის მოსახლეობის, მათ სურთ რომ განსახლება განხორციელდეს და განსახლების თანხის ოდენობა საკმაოდ დიდია, რომელსაც ისინი ითხოვენ. ეს არის 900-დან 1000 დოლარამდე 1 კვადრატულ მეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს ამ მონაკვეთისათვის არ გვაქვს თანხა გათვალისწინებული, ჩვენ დავასრულებთ არსებული მონაკვეთის დაერთებას 3 კილომეტრიან მონაკვეთზე და ის გზა დროებით გაჩერებული იქნება სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ", - აცხადებს მზია გიორგობიანი.

მოსახლეობის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ადგილობრივები მაშინაც, როდესაც "ინფო რუსთავმა" ავტობანის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელ, აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებისთვის მზად იყვნენ, ისინი ამჯერადაც იგივე პოზიციაზე რჩებიან.

"მთელი სახელისუფლებო მანქანაა ჩართული იმისთვის, რომ მოსახლეობაზე მოხდეს გადაბრალება, რეალურად კი მიზეზი თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა. მიზეზი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის არაგონივრული მუშაობა, რაც აისახა კიდეც შედეგზე, გზა ვერ გავიდა. ჩვენზე გადმობრალება ცოტა სასაცილოა. რა თქმა უნდა, იყო თანხის მოთხოვნის ფაქტი, თუმცა ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო შეთანხმება, ფართი-ფართში შემოთავაზებაზეც თანახმა ვიყავით, თუმცა არანაირ მოლაპარაკება არ ყოფილა მოსახლეობასთან. ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ", - აცხადებს ერთ-ერთი ადილობრივი.