"თქვენთან ერთად ვდგები აქციაზე" [video]

2019-10-16 19:38:00

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მერიის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოქალაქეებს შეხვდა. [ვიდეო/video]

აქციის მონაწილეებმა მერს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და რუსთავში უსიამოვნო სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით ქალაქის პირველი პირის პოზიციაც მოისმინეს.

როგორც მოქალაქეებმა ირაკლი ტაბაღუას განუცხადეს, სოკოს საწარმომ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსთვაში უსიამოვნო სუნის გავრცელების კერაა, ფუნქციონირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.

ირაკლი ტაბაღუამ აქციის მოანწილეებთან საუბარში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გარემოს დაცვის სამსახურს არაერთხელ მიმართა, ამ უკანასკნელმა კი საკითხზე დროული რეაგირება ვერ მოხდინა. მერის ინფორმაციით, ქარხანა საწარმოო პროცესში ხარვეზების არსებობას ნაწილობრივ აღიარებს და პრობლემის აღმოსაფხვრელად მზადაა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, დაახლოებით 1 კვირაში, საწარმო ჩამოიტანს დანადგარს, რომელიც მსგავსი სიმძაფრით სუნის წარმოქმნას ხელს შეუშლის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადებში პრობლემა არ მოგვარდება, ირაკლი ტაბაღუა მოქალაქეებს მათ გვერდით დგომასა და რადიკალური ზომების მიღებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, "სიმყრალე გვკლავს", "რატომ წამლავთ ჩვენს შვილებს?!", "სუფთა ჰაერი რუსთავს!" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა რუსთავის მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ გამართეს. აქციის მონაწილეებმა რუსთავში უსიამოვნო სუნის არსებობა გააპროტესტეს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები