"რუსთავის აზოტში" დასაქმებულებმა აქციები დაასრულეს [photo]

2021-05-04 17:27:59

"რუსთავის აზოტის" საწარმოში მუშაობა ყველა საამქრომ განაახლა.

კომპანიიდან გაფიცული 2000-მდე თანამშრომელი სამუშაოებს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მათსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

როგორც "ინფო რუსთავს" საწარმოში ერთ-ერთმა დასაქმებულმა, გიორგი კაპანაძემ განუცხადა აქციები დასრულდა და ახლა ადმინისტრაციასთან სიტყვიერი შეთანხმების დოკუმენტალურად გაფორმებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ და საწარმოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციების გამართვა დაიწყეს.

საპროტესტო აქციების მე-2 დღეს 20 გაფიცული ირუისტებთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ხმაურიან შეხვედრაზე გაფიცულებს განუცხადეს, რომ ხელფასების ზრდა არ მოხდებოდა, რის შემდეგაც "რუსთავის აზოტის" თანამშრომლებმა მედიაციაში დახმარება რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო ლაცაბიძეს სთხოვეს. 28 აპრილს საღამოს ნინო ლაცაბიძემ და რუსთაველმა დეპუტატმა ალექსანდრე დალაქიშვილმა მედიატორის როლი იკისრეს და საწარმოს ხელმძღვანელებთან რამდენიმე ეტაპიანი შეხვედრა გამართეს. შეთანხმება საპროტესტო აქციების მეორე დღესაც ვერ მოხდა, რის შემდეგაც "რუსთავის აზოტმა" დაახლოებით საღამოს 10 საათიდან ფუნქციონირება სრულად შეაჩერა.

გაფიცვიდან მე-5 დღეს კომპანიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ გაფიცული თანამშრომლებს მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს და კონკრეტული წინადადებაც შესთავაზეს. 1000 ლარამდე ხელფასის მქონეებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებოდათ, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონეებს 125, ასევე აუნაზღაურდებოდათ განაცდური დღეებიც.

წინადადება გაფიცულთა ნაწილისთვის მისაღები იყო, ხოლო ნაწილისთვის მიუღებელი. რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებისა და დეტალების დაზუსტების შემდეგ შეთანხმება შედგა და საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები