"რუსთავის აზოტი" გაჩერდა

2021-04-28 21:04:00

"რუსთავის აზოტმა" მუშაობა შეაჩერა.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნის საფუძველზე, მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესასრულებლად ადგილზე საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის რუსთაველი წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი მივიდნენ.

დიალოგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პარლამენტარებმა შეხვედრიდან გამოიტანეს საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უნდა მისცემოდა 1 კვირიანი ვადა, რათა ხელმძღვანელ პირებს დაესახელებინათ, ზუსტად რამდენით შეეძლოთ თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა.

თუმცა, როგორც ნინო ლაცაბიძემ აქციის მონაწილეებთან საუბრისას აღნიშნა, ხელფასების 50%-იანი ზრდა არარეალურია და ამ კონკრეტულ საკითხზე საუბარი შეხვედრაზე არც შემდგარა. 

გაფიცულმა თანამშრომლებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. ისინი ხელფასების მინიმუმ 50%-იანი ზდრის მოთხოვნას არ ცვლიან და ამბობენ, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ შესაძლოა ეს 1 კვირა გამოიყენოს თანამშრომლების დასაშინებლად.

ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი კომპანიის წარმომადგენლებთან თანამშრომლების პოზიციის დასაფიქსირებლად ისევ შევიდნენ, თუმცა, დალაქიშვილი მოლაპარაკებების მეორე ეტაპიდან უკვე გამოვიდა და როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, "რუსთავის აზოტს" არ სურს პოზიციის შეცვლა.