2026-11-18 15:28:59
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო 5 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არალეგალური სასაკლაო, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველების რეალიზაციისა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობების ფაქტები.
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ინდმეწარმე ზ. ხ. (მისამართი: ზესტაფონი, ზაქარიაძის ქ. N2) ქათმის ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტისა (ფორმა N2) და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ყიდდა. ფიზიკური პირი მ. გ.-ც (მისამართი: ქუთაისი, ანჯაფარიძის 17ა) ნედლი ხორცის რეალიზაციასა და ტრანსპორტირებას ჰიგიენური ნორმების დარღვევით ახორციელებდა.
სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ახალციხეში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ზ. ჯ. (მისამართი: ახალციხე, ასპინძის ქუჩა N4) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
თბილისის და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. თბილისში შპს „სტუდენტ კაფეში“ (ლუბლიანას ქ. N38) სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ხორცი და ეტიკეტირების წესის დარღვევა დაფიქისრდა. ბათუმში, ინდმეწარმე კ. ფ.-ის კუთვნილი სარიტუალო დარბაზში- „აჭარა“ (ორბელიანის ქ. N15) კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა. ამვდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა",- ნათქვამია განცხადებაში.