12 სიახლე რომელიც ყველა ბაღს, სკოლასა და უნივერსიტეტს შეეხება

2025-10-28 18:23:48

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად.

1. მოწესრიგდება საქართველოში განხორციელებულ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული  საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრების საკითხი;
2. განისაზღვრება, რომ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს უფლება აქვს ისარგებლოს მობილობის უფლებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება. ასევე, განისაზღვრება, რომ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევაში, მიმღებმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. ამასთან, მოსწავლეს მიენიჭება უფლება, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნება დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით;
 3. განისაზღვრება, რომ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია მოპოვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მითითება გაკეთდება აღნიშნული იურიდიული პირებისთვის ავტორიზაციის განსხვავებული პირობების განსაზღვრის შესაძლებლობაზე;
 4. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების არაუმეტეს 60 დღის ვადა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონით აღარ იქნება დარეგულირებული. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ხარვეზის გამოსწორების ვადას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო, ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული სტანდარტის/კომპონენტის შეფასების მიხედვით. 
5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას განახორციელებს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ნაცვლად.
6. მოქალაქეობის არმქონე პირებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიეცემათ სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების უფლება;
7. ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე;
8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ,საშუალო და მინიმალურ ოდენობებს.სრულყოფილად მოწესრიგდება სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ: 
9. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება ჩანაწერი, რომლითაც დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 
10. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, ასევე, არ გავრცელდება დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის გადაცემაზე;
11. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით დაწესებულებები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან.
12. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდება 4 წლიდან 6 წლამდე.         

მოკლევადიან გეგმას ხელი ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.