17 წლის რუსთაველი კალათბურთელი, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა

2025-07-06 19:22:41

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი თორნიკე მაისურაძეა, 17 წლის კალათბურთელი რუსთავიდან, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

თორნიკე ივანე ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეა, ამავდროულად, ის არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ჩემპიონია, მოქმდი და თანაც ორგზის. 

როგორ მოახერხა ასეთი ბალანსი სწავლასა და სპორტს შორის, ყველაფერს განვლილსა და გასავლელს ჩვენი რუბრიკის გმირი მკითხველს თავად მოუყვება. 

"კალათბურთით 10 წლის ასაკში დავკავდი, სამწუხაროდ, სრული 7 წელი არ მივლია, რადგან კოვიდის დროს მომიწია 3 წელი გამომეტოვებინა, მაგრამ 15 წლიდან ისევ აქტიურად გავაგრძელე ვარჯიში.

აბიტურიენტობა და სწავლა, სპორტთან ბალანსში არასდროს მიშლიდა ხელს. რუსთავის 18 წლამდელთა გუნდი, რომელშიც მე ვთამაშობ, წინა წელსაც ჩემპიონი იყო. დიდი პასუხისმგებლობა გახლდათ ამ წელსაც აპარეზობა და პირველ ადგილზე გასვლა.

ყველაზე რთული სწორედ წელს იყო სეზონის პირველ ადგილზე დამთავრება,ვ რადგან უმრავლესობა გუნდიდან აბიტურიენტები ვიყავით. ამისდა მიუხედავად, მწვრთნელებთან ერთად, აქტიურად ვვარჯიშობდით, სულს და გულს ვდებდით სამზადისში და მიზანსაც მივაღწიეთ.

მგონია, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ სურვილი და მონდომებაა.

სწავლასთან ერთად, დისციპლინას ვინარჩუნებ და ვაგრძელებ აქტიურ ვარჯიშს. ეს ორივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპები, იმედია ევროპის ან ამერიკის გუნდში თამაშის გაგრძელება იქნება. 

რაც შეეხება სწავლას და ჩემს აკადემიურ მოსწრებას, მე-5 კლასიდან მოყოლებული ვცდილობდი წარჩინებით დამემთავრებინა ყველა საფეხური. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი გართობასაც, სწავლას და პირად ინტერესებს ვაბალანსებდი. ვაპირებ თსუ-ში ჩავაბარო ,რამოდენიმე ფაკულტეტი მაქვს შერჩეული - ეკონომიკა, ბიზნესი და ფინანსები.

მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემთვის პრიორიტეტია სპორტი. ბავშვობის ოცნება, რომელსაც აუცილებლად ავიხდენ. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები