ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 20 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანია, ფეხბურთელი რუსთავიდან.
ნიკოლოზი ახლახანს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდა სათამაშოდ და გადავწყვიტეთ, დღეს სწორედ მასზე, მისი წარმატების ისტორიაზე გიამბოთ.
სპორტსმენის გზა რუსთავის მეტალურგიდან იწყება, მთავარ მიზნად კი დიდი ევროპული ფეხბურთს თამაშს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებას ისახავს.
დანარჩენს, ყველაფერ განვლილსა თუ სამომავლოზე "ინფო რუსთავის" მკითხველს რუბრიკის გმირი თავად უამბობს.
"ფეხბურთის თამაში 5 წლიდან დავიწყე. ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გამოვსულიყავი. დედ-მამამ გადაწყვიტა, ჩემს მშობლიურ ქალაქში, რუსთავის მეტალურგში მივეყვანე.
12 წლამდე რუსთავში ვთამაშობდი. ძალიან კარგად მახსოვს მანდ გატარებული წლები, ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო განვითარდება ფეხბურთი რუსთავში. 12 წლის ასაკში ვიყავი, როცა შემამჩნიეს და სფფ აკადემიაში მოვხვდი, სადაც შემდეგი 4 წელი გავატარე. დამოუკიდებლად მიწევდა ცხოვრება, კვირაში ერთი დღე მქონდა მხოლოდ საშუალება, ოჯახის წევრებთან ერთად ვყოფილიყავი. ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა ამ წლებმა მასწავლა, როგორია სპორტული ცხოვრება. იქ ყველანაირი პირობა მქონდა, რაც ფეხბურთელს სჭირდებოდა ჩამოსაყალიბებლად და განსავითარებლად.
სფფ აკადემიის შემდეგ, დინამო აკადემიაში ვითამაშე 2 წლის განმავლობაში (u17,u19). ეს პერიოდი ჩემთვის დიდი გამოცდილება და პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯები იყო პროფესიონალური კარიერისკენ. სწორედ დინამოში ყოფნის დროს მივიღე პირველი გამოძახება საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში.
18 წლიდან ბოლნისის სიონში გავაგრძელე ფეხბურთის თამაში, პირველი პროფესიული კონტრაქტით, სადაც ბევრ გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად მომიწია ყოფნა და დიდი ზრდა მომიტანა ამ ყველაფერმა. ერთი წელი გავატარე ბოლნისში, სწორედ მაგ პერიოდში წამოვიდა ინტერესი ლატვიის უმაღლესი ლიგის გუნდიდან - ლიეპაიადან და შედგა შეთანხმება, რომ კარიერას ლატვიაში გავაგრძელებდი.
ახლა ლიეტუვის უმაღლესი ლიგის გუნდის "ალიტუსის" ღირსებას ვიცავ. მძიმე სეზონის დასაწყისი გვაქვს, ახალი გუნდი და ახალი გარემო. ალბათ ყველა ფეხბურთელის კარიერა ასე ვითარდება, ყოველ ჯერზე გვიწევს ახლიდან თავის წარმოჩენა, ბრძოლა, ბევრი შრომა და ვარჯიში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.
ჩემი უმთავრესი მიზანია, მქონდეს უფლება და საშუალება, ქვეყნის მთავარი ნაკრების მაისური მოვირგო. ვიცი, რომ ამის მისაღწევად თავდადებული შრომა მომიწევს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, პარალელურად დიდი ევროპული ფეხბურთის თამაშიც მინდა. დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზანებს აუცილებლად მივაღწევ".