ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 13 წლის დავით ასლამაზიშვილია.
დავითი 8 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში მოუწია წასვლა. ახლა უკვე ის წარმატებული სპორტსმენია და წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.
"ინფო რუსთავის" მკითხველს საკუთარ განვლილ გზაზე რუბრიკის გმირი თავად მოუყვება.
"ჩემი სპორტული ცხოვრება 5 წლის ასაკიდან დაიწყო. რუსთავში, თავისუფალ ორთაბრძოლებში, სადაც მამაჩემი, ბესიკ ასლამაზიშვილი ავარჯიშებდა.
8 წლის ასაკში მომიწია საქართველოს დატოვება და საცხოვრებლად საფრანგეთში გადასვლა. 2 წლის განმავლობაში, სანამ საბუთს მივიღებდით, მამასთან ერთად ქუჩაში ვვარჯიშობდი, ის ორთაბრძოლების პროფესიონალი მწვრთნელია.
ერთ დღესაც, ვარჯიშის დროს, ჩვენთან მოვიდა კოლმარის ბოქსის კლუბის პრეზიდენტი და მამაჩემს შესთავაზა ქალაქის კლუბში მწვრთნელად მუშაობა, რაზეც დათანხმდა და მეც გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი ინგლისურ კრივში. უკვე 3 წელია, რაც ვვარჯიშობ და ყველაზე შედეგიანი ბოლო სეზონი გამოდგა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩავატარე 9 ბრძოლა და აქედან 8 შეხვედრა ჩემი გამარჯვებით დასრულდა.
ნოემბერში მივიღე მიწვევა მსოფლიო ორგანიზაციის, WBC-ის ღია ჩემპიონატიდან. ჩემპიონატი ტარდება გერმანიაში, სადაც მონაწილეობდა 15-მდე ქვეყანა. ჩავატარე 2 ბრძოლა და გავხდი WBC-ის ჩემპიონი.
ჩემი შემდეგი მიზანი საფრანგეთის ჩემპიონატზე მონაწილეობა და გამარჯვება იყო, ამისთვის საჭირო გახლდათ 3 მნიშვნელოვანი შეჯიბრის მოგება, რომ მომეპოვებინა ლიცენზია. ეს შეჯიბრებები ჩატარდა 2025 წლის თებერვალში, მარტში და აპრილში. ჯერ იყო დეპარტამენტის ჩემპიონატი, შემდეგ შეჯიბრი ორ დეპარტამენტს შორის გამარჯვებულებში, მესამე და ყველაზე რთული კი რეგიონალური ჩემპიონატი, სადაც ყველა დეპარტამენტის ჩემპიონი იღებდა მონაწილეობას. ჯამში, ჩავატარე 2 ურთულესი ჩხუბი და ორივე ჩემი გამარჯვებით დასრულდა, ასე მოვიპოვე საფრანგეთის ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია.
საფრანგეთის ჩემპიონატი 9, 10 და 11 მაისს, ქალაქ ბუღჟში ჩატარდა. გავმართე ორი წარმატებული შეხვედრა და შევძელი გადავსულიყავი ნახევარფინალში. სამწუხაროდ, ნახევარფინალი მსაჯების მიკერძოებული გადაწყვეტილების გამო, ჩემი წაგებით დამთავრდა და მესამე ადგილზე გავედი.
შედეგებიდან გამომდინარე დავსახელდი კლუბის საუკეთესო სპორტსმენად.
ჩემი შემდეგი მიზანი შედეგების გაუმჯობესებაა. მსურს მოვიპოვო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ლიცენზია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოვიგო მაღალი სინჯის მედლები.