ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 21 წლის ნიკოლოზ როყვაა, კიდევ ერთი ჩემპიონი რუსთავიდან.
სპორტსმენმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო რეგატაზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რუსთაველმა ახალგაზრდამ ოქროს მედალი კანოე ორიანში 500 მეტრის დისტანციაზე, ალექსანდრე წივწივაძესთან ერთად მოიპოვა. ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ამავე დისტანციაზე კანოე ოთხიანში. კანოე ორიანში კი 1000 მეტრის დისტანციაზე ნიკოლოზმა ვერცხლის მედლის მიღება მოახერხა.
რეგატაში 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის, ჯამში, 450 სპორტსმენი მონაწილეობდა. აქედან გამომდინარე, წარმატება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცხო სახემ, თანაგუნდელებთან ერთად, საკუთარ ქვეყანას და ქალაქს მოუტანა, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დანარჩენს კი მიღწეულსა და მისაღწევზე, განვლილსა და გასავლელ გზაზე ჩვენი რუბრიკის გმირი მკითხველს თავად მოუყვება.
"ამ სპორტით 10 წლიდან დავკავდი და 18 წლამდე აქტიურად ვიყავი ჩართული. აბიტურიენტობისას მომიწია თავი დამენებებინა. 1-ელი კურსიდან ვმუშაობდი, რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე და ცხოვრების გრაფიკიდან გამომდინარე, ნამდვილად ვეღარ ვახერხებდი საყვარელი საქმიანობისთვის დამეთმო დრო. ვარჯიში ახლახანს, ნოემბერში განვაახლე.
ჩემი პირველი ოქრო ქუთაისში ავიღე 200 მეტრის დისტანციაზე, 13 წლის ვიყავი მაშინ. ბევრი მედალი მიმიღია, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება იყო.
როცა ვეღარ ვვარჯიშობდი, იშვიათად, თუმცა მაინც მოვდიოდი ხოლმე აქ და ბავშვებს ვეხმარებოდი. ეს ყველაფერი ძალიან მაკლდა და სწორედ ამიტომ.
რაც შეეხება დაბრუნებას, ბუნებრივია, მახარებ, რომ შევძელი. სხვა ყველაფერთან ერთად, ჩემი ცხოვრება ისევ იღებს დისციპლინირებულ სახეს და ეს ძალიან მსიამოვნებს.
ამასთანავე, მაქვს კონკრეტული მიზანი, რაშიც ვფიქრობ, რომ ეს სპორტი და მომავალი გამარჯვებები აუცილებლად დამეხმარება.
მომდევნო ეტაპები, იმედია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიადაზე მიღებული მაღალი სინჯის მედლები იქნება".