ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი წარმატებული რუსთაველი მრბოლელი - ვანო მძელურია.
მძელურმა აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.
მან გამარჯვებასთან ერთად, რეკორდიც დაამყარა და 2 წუთს 34 წამსა და 6 წამის მეათედში დიდგორის ველზე 5,5 კილომეტრის გავლა შეძლო.
საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.
მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვანო მძელურის მე-2 გამარჯვებაა და შემდეგი, მე-4 ეტაპი 7 სექტემბერს, სომხეთში გაიმართება. ასე რომ, რუსთაველი ახალგაზრდა კიდევ ერთი ტიტულისთვის ემზადება.
მძელური ერთხელ უკვე გახდა საქართველოს ჩემპიონი აღმართის დაძლევაში, 2024 წელს.
დანარჩენს კი რუბრიკის გმირი "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად მოუყვება.
"ბავშვობაში როგორც კი მანქანის სატერფულებს მივწვდი, მამამ საჭესთან დამსვა და ტარება მასწავლა. სწორედ მაგ დღეს გავხდი ავტომოყვარული.
მას შემდეგ ძველ ავტოდრომზე გამართულ შეჯიბრებებს ხშირად ვესწრებოდი და როდესაც უკვე ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე, პირდაპირ რუსთავის ავტოდრომზე წავედი, რომ როგორც მანქანა, ისე საკუთარი თავი გამომეცადა. როგორც აღმოჩდა, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტულად ვგრძნობდი საჭესთან თავს, მაინც დიდი ჩამორჩენა მქონდა მოქმედ სპორტსმენებთან.
სწორედ მაშინ დავისახე მიზანი - ბევრი ვისწავლე, ვივარჯიშე და გამოვედი ჩემს პირველ შეჯიბრზე, სადაც მესამე ადგილი დავიკავე, ხოლო მომდევნო შეჯიბზე უკვე მოვახერხე გამარჯვება.
მას შემდეგ მოვიგე სამი წყვილთა რბოლის ჩემპიონატი და შავი ზღვის თასის ყველა წამყვანი კლასი.
შემდეგ ჩემი დებიუტი შედგა პროფესიონალურ ჩემპიონატში, წრიულ რბოლაზე, BMW Compact Cup-ზე, სადაც პირველივე სეზონზე გავხდი საქართველოს ჩემპიონი.
ამ ყველაფრის მერე გადავედი აღმართის დაძლევაზე, სადაც სამჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი.
ახლა ვაგრძელებ მონაწილეობას აღმართის დაძლევის ჩემპიონატში უკვე აბსოლუტ კლასში და მიზანი მაქვს, წელსაც გავხდე ჩემპიონი და მოვხვდე მსოფლიო ავტოსპორტის თამაშებზე".