რუსთავის მეტალურგიამ 30-მდე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ გაიტანა.
შპს "რუსთავის ფოლადის" დირექტორის იგორ კორიტკოს მიერ გაცემული პირობა, რომ 400-მდე თანამშრომლის 17 დღიანი გაფიცვის დასრულების შემდეგ ხელფასის მატებასთან და გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებასთან ერთად, 5 დღის ვადაში უკან გაიტანდა სასამართლოში შეტანილ საჩივრებს, ჯერ კიდევ არ შესრულებულა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა რუსთავში, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, მათ იცოდნენ, რომ იგორ კორიტკოს ნდობა არ შეიძლებოდა და პროფკავშირმა საჩივრის შესაგებელი სასამართლოში შეიტანა.
"რადგან ამათმა სარჩელი შეიტანეს, მათ პირობა კი დადებული ჰქონდათ, რომ 5 დღეში გაიტანდნენ, მაგრამ შესაგებლები ყოველი შემთხვევისთვის მაინც შევიტანეთ. ეს ხელს არ უშლის მათ, რომ სარჩელი გაიტანონ. შეუძლიათ უარი თქვან ამ სარჩელებზე, გაიტანონ და შესაბამისად, შესაგებლებიც ავტომატურად გაუქმდება. მთავარია მათ გაიტანონ, მაგრამ არ გააქვთ. მე როგორც პროფკავშირების წარმომადგენელს, მეტალურგიის ხელმძღვანელი პირის მიმართ არასდროს არ მქონია ნდობა და მათ ეს დაამტკიცეს კიდევ ერთხელ",- განგვიცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა შპს "რუსთავის ფოლადსაც", რატომ არ გააქვთ მათ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, კომპანიის მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ არის.