“ცხოვრება რანჩოზე”

2024-07-28 18:28:20

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირები ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე არიან, საზოგადოებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი “ტიკტოკერები”.

მათი კონტენტის მთავარი შინაარსი სვანეთში მდებარე რანჩოა, რომელსაც ბიჭები თავადვე უვლიან. ვიდეოები ძალიან სახალისო, მრავალფეროვანი და საინტერესოა. 

ქალაქში ვერ განელებული სოფლის სიყვარული და სიყვარული, რომელიც ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მოტივად იქცა, მათ გამომწერებს ყველაზე მეტად სწორედ ეს ხიბლავთ.

სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობასთან ერთად, ისინი უკვე ვიდეოებს ძალიან საჭირო ახალ პროექტთან დაკავშირებითაც გვიზიარებენ. მათ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას პოპულარიზაციას სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და რანჩოს გარდა, ახლა იქ კოტეჯებს აშენებენ, რაც თავისთავად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

კოტეჯი, დაახლოებით, 3-სართულიანი იქნება და 12 სტუმარს უმასპინძლებენ. გეგმის მიხედვით, პირველ სტუმრებს სექტემბრის მიწურულს უმასპინძლებენ, რომელთაც, როგორც ამბობენ, თავად დახვდებიან.

დავით კვირიკაძე 22 წლის შემდგარი ფიტნესინსტრუქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია და როგორც თავად გვითხრა, მომავალი ადვოკატი. გარდა ამისა, დაინტერესებულია სპორტით, განსაკუთრებით ბოდიბილდინგით. 

ლევან მაღრაძე კი 30 წლის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მხატვარი-არქიტექტორია, რომელმაც ამ სფეროში მოახერხა და წარმატებას მიაღწია. გარდა ამისა, არის მომღერალი, უკრავს გიტარაზე.

ბიჭებს უკვე 10 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ, რაც არამხოლოდ პირად, სწორედ ამიტომ, პირადი ურთიერთობები საქმიანშიც გადაზარდეს. ერთმანეთის საუკეთსოდ ესმით და ეს საქმეს ძალიან უადვილებთ. 

"ლევანი რუსთაველია, მეც 7 წელია აქ ვცხოვრობ, წელიწადის 8-9 თვე ალბათ. მე სვანეთში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ლევანს კი დედა ჰყავს სვანი, ხშირად ჩამოდიოდა და ფაქტობრივად, ისიც სვანეთში გაიზარდა", - ამბობს დათო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დათომ ლევანი თავისთან, სვანეთის სახლში წაიყვანა. ლევანი მეგობარს რანჩოს სამუშაოებში შეუერთდა და სვანეთში სიარულსაც საკმაოდ მოუხშირა. პირველი ვიდეო გასული წლის ზაფხულში ჩაიწერა. სათიბად გასულმა მეგობრებმა "სთორისთვის" გადაღებული ვიდეო ტიკ-ტოკზეც დადეს და გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.

"პირველი ვიდეო 300 ათასმა ადამიანმა ნახა და უამრავი კომენტარი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა. წელს კი, საზაფხულო სამუშაოებისთვის რომ წავედით და თიბვა, ფარცხვა, შეშის მოგროვება/დაჩეხა, საქონლისა და ცხენების მოვლა დავიწყეთ, ხალხის დადებითი გამოხმაურებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ყოველდღიურობაც გვეჩვენება", - ამბობს ლევანი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები