რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.
ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.
აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.
რუბრიკის დღევანდელი თემაა - ვისთან რჩება ბავშვი განქორწინების შემდეგ? საუბრობს მაღალკვალიფიციური ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.
"სამართლებრივად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მშობელი მამაა თუ დედა, ორივეს ერთნაირი უფლებები და ვალდებულებები გააჩნიათ, თუმცა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, სასამართლო მოქმედებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო წარმოებისას, საქმეში ერთვება სოციალური სამსახური და მათი წარმომადგენლები იკვლევენ ბავშვის სავარაუდო საცხოვრებელს, ოჯახში არსებულ ატმოსფეროს, სწავლის თუ განვითარების საშუალებებს. ძირითადად, მათ დასკვნაზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა ბავშებს, მით უმეტეს, მცირეწლოვნებს, გააჩნიათ დედებთან ემოციური მიჯაჭვულობის მაღალი ხარისხი და მისი დედასთან მოცილებისათვის, უნდა არსებობდეს ისეთი არგუმენტირებული მიზეზი, რომელიც არ მისცემს სასამართლოს დედისათვის ბავშვის აღზრდის მინდობის საშუალებას. ასეთი არგუმენტი კი შეიძლება იყოს ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ბავშვზე ძალადობა თუ მისი ინტერესების უგულვეყოფა. ასე რომ, დედასთან ბავშვის აღზრდა პრიორიტეტად რჩება, თუ დედას აქვს ბავშვის ნორმალურად გაზრდისა და განვითარების საშუალება".