დეკრეტული შვებულება

2024-06-28 20:59:59

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

რუბრიკის დღევანდელი თემა დეკრეტული შვებულებაა, საუბრობს მაღალკვალიფიციური ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.

"შრომის კოდექსი ამ ეტაპების მიხედვით საზღვრავს დეკრეტულ შვებულებას: ორსულობა, მშობიარობა და ბავშის მოვლა.

დეკრეტული შვებულების ერთობლივ ვადად 2 წელი ანუ 730 დღეა დადგენილი. შრომის კოდექსში გვიწერია, რომ დეკრეტული შვებულებიდან ანაზღაურდება 183 კალენდარული დღე, ხოლო თუ ტყუპები გაჩნდა ან მშობიარობას გართულება მოყვა, დამსაქმებელმა 200 დღე უნდა აანაზღაუროს, თუმცა ეს ყველას არ ეხება, რადგან თუ კერძო სექტორში ხართ დასაქმებული, თქვენი შვებულების საზღაურს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, კერძო დამსაქმებელს კი საზღაურის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

და თუ საჯარო სამსახურში არ მუშაობ, ანაზღაურებადი შვებულების ჯამური ოდენობა 2000 ლარს არ აცდება, მიუხედავად თქვენი ხელფასისა. საჯარო სამსახურის მოხელეების საშვებულებო ანაზღაურება კი შესაბამისი დაწესებულების ბიუჯეტიდან გაიცემა და ხელფასის გარდა, თანამდებობრივი სარგო და დანამატებია გათვალისწინებული.

ახალშობილის შვილად აყვანის გამოც შესაძლებელია დეკრეტული შვებულების აღება. თუ ნაშვილები ბავშვი 1 წლამდე ასაკისაა, ბავშვის დაბადებიდან 550 დღის განმავლობაში შეიძლება შვებულებით სარგებლობა, საიდანაც 90 დღე ანაზღაურდება, ხოლო თუ თქვენს ბავშვს 5 წელი არ შესრულებია, წელიწადში 2 კვირა დამატებითი შვებულების მოთხოვნის უფლება გაგაჩნიათ, ოღონდ ანაზღაურების გარეშე.

და ბოლოს, დეკრეტული შვებულებით შეიძლება ისარგებლონ როგორც დედებმა, ასევე მამებმაც. მამას შეუძლია გამოიყენოს დედის დეკრეტული შვებულების ის დღეები, რომლებიც დედას არ გამოუყენებია".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები