კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა.
კაცმა ჩხუბის ვიდეოც გადაიღო.
ადგილობრივი ტელეკომპანია მონიტორინგის ინფორმაციით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის-რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.