კიდევ ერთი რუსთაველი გოგონა, რომელიც სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება

2023-05-02 20:10:55

"FLEX"-ის რუსთაველ ფინალისტთა სერია არ სრულდება.

ჩვენს რუბრიკაში დღეს მოგიყვებით კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდა გოგონაზე, ლიზი კუჭუხიძეზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს.

შრომისმოყვარეობა, ამბიცია და მიზანდასახულობა - ეს ის სამი კომპონენტია, რომლითაც ლიზიმ მიზანში გაარტყა და ის ამერიკულ განათლებას მიიღებს.

დანარჩენს კი, თავად რუბრიკის გმირი მოგვიყვება.

"მე ვარ ლიზი, 16 წლის.


ვფიქრობ, საინტერესო დროს დავიბადე და ვცხოვრობ, რადგან ნებისმიერი მიზნის მიღწევა ამბიციით, შრომითა და მიზანდასახულობით შესაძლებელია. ვცდილობ, ყველა პროექტი, აქტივობა, რაც მომცემს გარკვეულ გამოცდილებას, გამოვიყენო. ეს იქნება საშუალება, მთელი მსოფლიო თუ არა, ჩვენი სოციუმი შევცვალო უკეთესობისკენ. ჩემი საყვარელი სიტყვებია აფორიზმი ვეფხისტყაოსნიდან "ბედი ცდაა გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების". მიზნამდე პატარ-პატარა მიღწევებიც რომ წარმატებაა, ჩემი აზრით, ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს.

ამ წელს ფლექს პროგრამის ფინალისტი გავხდი და მომდევნო სასწავლო წელს ამერიკაში გავატარებ. გამარჯვების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემი ქვეყნის დესპანი ვარ და ვალდებული ვარ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო პატარა ქვეყნის დიდი კულტურა.


დღეისათვის უამრავი ახალგაზრდული პროექტია, როგორც ჩვენს ქალაქში, ისე ქვეყნის (და არა მარტო) მასშტაბით, რომლებიც დამეხმარა ლიდერული უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებაში. ჯერ მარტო 2022 წლის ზაფხულში 4 ბანაკში ვიყავი, სადაც ერთადერთი საფასური ჩემი მოტივაცია და მაქსიმალური ჩართულობა იყო. გამოვარჩევდი ამერიკული კუთხეების "ცვლილებების" ბანაკს, რომლის მონაწილეებად საქართველოს ამერიკული კუთხეების წამყვანი მოხალისეები აგვარჩიეს. ამერიკულ კუთხეში 2020 წლიდან ვმოხალისეობ და უამრავ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი "ისტორიის კლუბია", რომლის შექმნაც შთამაგონა ჩემი ისტორიის  მასწავლებელმა და ტელე-გადაცემამ "გააგრძელე საქართველოს ისტორია" და 2021 წლიდან ფუნქციონირებს. Ასევე, ამარჩიეს 25 ქართველ გოგონას შორის, რომლებმაც მონაწილეობა GLOW-ს გოგონათა ქართულ-უკრაინულ ბანაკში მივიღეთ, სადაც სხვა კულტურის ბავშვებთან მქონდა უშუალო ურთიერთობა და მოგვიანებით გლოუს ელჩიც გავხდი. რომ არა ეს ბანაკები, ტრენინგები, ლექციები თუ პროექტები, სადაც შევხვდი სხვა ეთნოსის, მსოფლმხედველობის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს და ა.შ. მე ვერასდროს დავინახავდი ჩემგან განსხვავებული ადამიანების პერსპექტივიდან სხვადასხვა მნიშნელოვან საკითხს. Ამავე დროს, თითოეულმა აქტივობამ არამარტო დიდი გამოცდილება, არამედ საინტერესო ადამიანები და მეგობრები დამიტოვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.


ბავშვობიდან უამრავ სფეროში გამოვცადე საკუთარი თავი. ვარ ქვემო ქართლის 6 გზის ჩემპიონი ჭადრაკში, სადაც პირველად 7 წლის ასაკში გავიმარჯვე. დავდივარ კარატეზე, სადაც ვარ მერვე ქიუ, ანუ მაქვს ლურჯი ქამარი. ვარ მოყვარული ფოტოგრაფი, განსაკუთრებით ქუჩის, დოკუმენტური ფოტოგრაფია მიყვარს. ბავშვობიდან მაინტერესებს რეჟისურა და მუსიკა. ჯერჯერობით მომავალი პროფესია არ ამირჩევია. განსხვავებული ინტერესები მაქვს, როგორიცაა ფიზიკა, კინემატოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და სხვ. ამიტომ ერთ რამის არჩევა ჯერ რთულია, თუმცა ვფიქრობ, ძიების პროცესი ბევრად საინტერესოა. ძალიან მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრო. იმედია ამერიკაში საქართველოს ღირსეულად წარვადგენ. არ არის გამორიცხული, ქალაქში, სადაც მოვხვდები, პირველი ქართველი ვიყო, ვისაც გაიცნობენ, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ელჩობის ფუნქციას შევითავსებ და ჩემს ქვეყანას მიმზიდველად წარვადგენ.  

ბოლოს კი გირჩევდით, რომ იყოთ შემოქმედებითები და მუდმივად ეძიეთ შთაგონება. Კარპე დიემ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები