ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი მსოფლიო ჩემპიონია.
აკაკი ციცქიშვილი საქართველოს, მსოფლიოსა და უკვე ევროპის ჩემპიონის ტიტულებს ატარებს.
ბოლო და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატების გაფორმება მან რამდენიმე დღის წინ მოახერხა.
რუსთაველი ახალგაზრდა ივნისის თვეში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ევროპის ჩემიპონატი Რუმინეთში, ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, 3 ივნისს ჩატარდა.
მრავალგზის ჩემპიონმა 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედლის საქართველოში წამოღება ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებებით შეძლო.
"მე 23 წლის ვარ და სპორტთან 17 წლიდან მაქვს შეხება. ვარ საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მკლავჭიდში, ასევე საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონი ბიცეფსით შტანგის აწევაში, ბიცეფსით შტანგის აწევაში ვარ მსოფლიო რეკორდსმენიც.
ეს სპორტი ბავშვობიდან მომწონდა, რადგან მამაჩემი იყო მკლავჭიდელი და სწორედ ეს გახდა ჩემი მოტივაცია, რომ წარმატებით გამეგრძელებინა მისი გზა. ღვთის წყალობით, ყველაფერი შეძლებისდაგვარად კარგად გამომდის.
ჩემი გეგმაა, წლევანდელი წელი მსოფლიო ჩემპიონობით დავხურო და მსოფლიო ვერცხლის სინჯის მედალი ოქროთი შევცვალო.
ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის შემართება მწვერვალისკენ და მჯერა, აუცილებლად მივაღწევ დანიშნულების წერტილამდე, რადგან ძალიან დიდ დროს ვუთმობ განვითარებას, ვარჯიშს იმისთვის, რომ ფიზიკურ მზადყოფნაში ვიყო ყოველთვის. მეჯერა, მონდომება, რომელსაც საქმეში ვდებ, უკვალოდ არ ჩაივლის".