"მესმოდა, რომ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო და არასდროს მიფიქრია, ბედი მეცადა"

2024-07-21 16:57:48

ბავშვობაში თავი არც ისეთი ნიჭიერი ეგონა, თუმცა დრომ და მიღწეულმა წარმატებებმა დაამტკიცა, რომ ის განსაკუთრებული ტალანტით დაჯილდოებული იყო.

ახლაც, მთავარი გზავნილი, რაც ახალგაზრდებისთვის აქვს, არის ის, რომ  უარი არასდროს თქვან საკუთარი ოცნების გზაზე და შესაძლბელობების სჯეროდეთ.

ახლა ის კრუიზის წევრია და კარიერას მსოფლიოს გადაცურვასთან ერთად აგრძელებს.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი ნანა მოდებაძეა.


ბავშვობიდან ვოცნებობდი, მოცეკვავე გავმხდარიყავი, თუმცა ფორტეპიანოს დავუთმე დიდი დრო. 5 წლიდან ვუკრავდი, რადგან მუსიკოსი მშობლები და ნათლია მყავს, რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო. 17 წლისამ სამეჯლისო ცეკვის სამოყვარულო ჯგუფში დავიწყე სიარული, ამ დროს თან აბიტურიენტი ვიყავი, მაღალი აკადემიური მოსწრება და უნივერსიტეტიც დავამთავრე ფსიქოლოგიის განხრით.

ყველაფერს ვასწრებდი, დღისით ლექციებზე ვიყავი, ღამით ცეკვის დარბაზში ვათენებდი, თუმცა ვერ წარმომედგინა, სამომავლოდ სერიოზულად თუ გავყვებოდი ცეკვას. უნდა ვაღიარო, ამის მიზეზი ის იყო, რომ ნიჭიერი ნამდვილად არ ვიყავი და არც ადვილად გამომდიოდა, ისე, როგორც სხვებს, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ მაინც არასდროს ვიყავი კმაყოფილი ჩემი შედეგით და ამის გამო ბევრსაც ვტიროდი.

უფრო მეტი მოტივაცია მომეცა, როცა პირველ შეჯიბრზე სოლო კატეგორიაში ჩემპიონი გავხდი, მაშინ ვიყავი დამწყები მოცეკვავე სტუდია "მარცაში. ამის შემდეგ ბევრი ტურნირი იყო. თბილისში ბევრი ცეკვის სტუდია გამოვიცვალე, შემდეგ კი ვიფიქრე დროებით ანტალიაში წავსულიყავი, ცეკვის კონტრაქტზე იმისთვის, რომ მეტი თანხა გამომემუშავებინა და ჩემს საოცნებო ცეკვის ტურნირში მიმეღო მონაწილეობა. ოცნება ავიხდინე, ვიხილე მსოფლიო ჩემპიონებიც, თუმცა იმდენად მომეწონა შოუში ცეკვა, ისევ ანტალიაში დავბრუნდი. ვცეკვავდი ძალიან კარგ კომპანიაში, ძალიან კარგი გარემო იყო და გავიცანი უცხოელი არტისტებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


ჩემი მოლდოველი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, გავაგზავნე რეზიუმე საკრუიზო ლაინერზე, თვითონაც გემზე აპირებდა საცეკვაო კონტრაქტის გაგრძელებას და დამარწმუნა, რომ მეც დიდი შანსი მქონდა, თუმცა მანამდე ხშირად მესმოდა უცხოელი პროფესიონალი მოცეკვავეებისგან, რომ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო და არასდროს მიფიქრია ბედი მეცადა. როგორც კი გავაგზავნე რეზიუმე და ჩემი ცეკვის ვიდეოები, მალევე მაცნობეს, რომ ამირჩიეს.

სასწრაფოდ გავაკეთე საზღვაო სერთიფიკატები. ევროპული ცეკვის კომპანია დამეხმარა მეზღვაურის წიგნაკის აღებაში და უკვე 2 კვირაში გემზე ვიყავი, MSC GRANDIOSA ზე - 2022 წლის 1 მარტიდან. MSC კონტრაქტი 7-თვიანი იყო, მაგრამ შემომთავაზეს გაგრძელება და საბოლოოდ 11 თვე დავრჩი, ვიმოგზაურე ჩრდილოეთ ევროპაში, ნორვეგია, დანია, გერმანია, ასევე გაერთიანებული სამეფო და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

ამჯერად ვიმყოფები საკრუიზო ლაინერზე მეორე კონტრაქტით MSC SEASIDE, მოვიარე კარიბის ზღვის კუნძულები, გადმოვცურე ატლანტის ოკეანე და ვარ ხმელთაშუა ზღვაში. გემი ყოველ დილით ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩერდება, ესპანეთიდან ვალენსია, კუნძული იბიცა, საფრანგეთიდან მარსელი, ასევე იტალიის რამდენიმე ქალაქი. თავისუფალი დროც საკმარისად მაქვს ყველაფრის დასათვალიერებლად. შოუები მხოლოდ საღამოსაა, თეატრი რომელიც იტევს 1 000 მაყურებელს და სამივე შოუზე სავსეა დარბაზი. გემზე დაახლოებით 5 000 ტურისტია ყოველკვირეულად და 1 500 პერსონალის წევრი ვართ.


თეატრში არის სხვასხვა ჟანრის არტისტი, აკრობატები, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო შოუები გვაქვს ნამდვილად, ძალიან პროფესიონალური და მეგობრული გარემოა. მოცეკვავეები და მომღერლები უმეტესად გაერთიანებული სამეფოდან და ლათინო ამერიკული ქვეყნებიდან არიან. აქ შევისწავლე ცეკვის მრავალი სახეობა, მაგრამ სოლო ნომრებს სამეჯლისო ცეკვის განხრით ვასრულებ.

ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის და ყველა იმ ადამიანის რუსთავში, საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, ვინც ხელი შემიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გვიან დავიწყე ცეკვა, მოტივაცია და იმედი მომცა. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად იღბლიანი ვარ. მინდა ახალგაზრდა თაობას ვურჩიო, ყოველთვის გაჰყვნენ თავისი ოცნების გზას და ორწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების"

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები