რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.
ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.
აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.
რუბრიკის დღევანდელი თემაა - მართვის მოწმობა და ასაკი. საუბრობს მაღალკვალიფიციური ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.
"სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება, ისჯება 500 ლარის ოდენობით, ხოლო ის პირი, ვინც სამართავად გადასცემს სატრანსპორტო საშუალებას არასრულწლოვანს, 700 ლარით დაჯარიმდება. სხვათა შორის, პირი არასრულწლოვნად ითვლება 18 წლამდე, თუმცა 17 წლის ასაკშიც, ე.ი. სრულწლოვანებამდე, შესაძლებელია ავტომობილის მართვის უფლების მოპოვება. ამისათვის, თქვენ გამოცდაზე გასვლა და გარდა აუცილებელი დოკუმენტებისა, მშობლის მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობაა საჭირო".