22 წლის იუთუბერი რუსთავიდან

2024-07-07 17:59:36

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 22 წლის მამუკა გოდერძიშვილია.

რუსთაველი იუთუბერი, რომელიც საკუთარი იუთუბ არხით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევას და უსაფრთხოების წესების დამკვდრებას საგზაო მოძრაობაში ერთდროულად ცდილობს.

დანარჩენს კი მამუკა თავად გიამბობთ.

"მე ვარ მამუკა, 22 წლის, რუსთავიდან.

ამ წლების განმავლობაში, უამრავი გატაცება და ინტერესი მქონია. ჩართული ვყოფილვარ უამრავ აქტივობაში, ეს იქნებოდა ახალგაზრული ორგანიზაციები, პროექტების წერა, ბანაკები, კურსები, სპორტი თუ სხვა მრავალი რამ.


ყოველთვის ვცდილობდი საკუთარი თავის პოვნას. ინტერესები ყოველთვის იცვლებოდა, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა, მუდმივად ჩნდებოდა ახალი და უფრო საინტერესო საქმეები. სწორედ ამ ყველაფრის ძიებაში აღმოვაჩინე მოტოციკლეტი, რომელიც ჩემი სულის ნაწილი გახდა და რომელსაც ალბათ ვერაფერი ჩაანაცვლებს.

წარმოშობით ყაზბეგიდან ვარ და ვფიქრობ, სწორედ ცხენებთან ურთიერთობის და სიყვარულის იმიტაციაა მოტოციკლეტი ჩემთვის. საწყის ეტაპზე, როდესაც ამ ტრანსპორტის მართვას და მასზე ინფორმაციის მოგროვებას ვცდილობდი, ბევრი რამის უცხოურ ენაზე მოსმენა მიწევდა, ამიტომ გადავწყვიტე, თავად შემექმნა ისეთი კონტენტი, სადაც დამწყები და გამოცდილი "მხედრები" (rider-ები)  ერთმანეთს კითხევს დაუსვამდნენ და პასუხებსაც მიიღებდნენ.

სწორედ აქიდან წამოვიდა იუთუბ არხის "მოტოსფერო"-ს დაარსების აზრიც. რომლის საშუალებითაც გვინდა, დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რაც ხალხში არსებობს მოტოს და მისი მძღოლების მიმართ. გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ტრანსპორტის განვითარებას და  მაქსიმალური უსაფთოებისკენ მივმართოთ მათი გამოყენება საზოგადოებაში.


მინდა რომ მოტოციკლეტი არა საფრთხესთან, არამედ მოგზაურობასთან, ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთ კომფორტულ ტრანსპორტთან, სპორტთან (ტრეკზე და არა ქუჩაში) და სიამოვნებასთან ასოცირდებოდეს, რომელსაც ვერაფერი ჩაგინაცვლებს. ჩვენ გვსურს მოტოციკლეტით გადაადგილება უფრო პოპულარული და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენს ქვეყანაში. ყველას ვუსურვებ მოტო ბედნიერებას!".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები