დღეს კიდევ ერთ წარმატებულ კალიგრაფს გაგაცნობთ რუსთავიდან, ფენომენალურად ნიჭიერ შემოქმედს, ანა გოქაძეს, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.
ანა გახლავთ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი და რაც მთავარია, საოცრად ნიჭიერი კალიგრაფი, რომელსაც დროის მანქანის გარეშე, ძალიან მარტივად შეუძლია უზრუნველყოს თქვენი დროში მოგზაურობა.
დანარჩენს კი, ჩვენს ძვირფას მკითხველს, თავად ანა მოუყვება.
"როდესაც ჩემს კალიგრაფიულ სამყაროში აღმოჩენის ამბავზე მეკითხებიან, პირველ რიგში, ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული კალიგრაფიული კონკურსი მახსენდება ხოლმე. ეს იყო 2015 წელს, ამ დროიდან მოყოლებული, აქტიურად ვიყავი ჩართული ხელოვნების ამ მიმართულების სწავლაში. კალიგრაფია რუსთავის სამრევლო სკოლაში - დავით მაისურაძემ შემასწავლა. კონკურსში არაერთგზის მოვიპოვე გამარჯვება, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციად იქცა ჩემთვის. ამ ყველაფრის შემდეგ, კალიგრაფია ჩემი ჰობიცაა და პროფესიაც.
2018 წელს, 13 წლის ასაკში ოთხ კალიგრაფთან ერთად მონაწილეობა მივიღე მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში, ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნაში. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი წიგნის ყდა ქართველი მოქანდაკის გუჯი ამაშუკელის მიერ არის მოჭედილი. "ვეფხისტყაოსანი" დღეს ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში ინახება.
ჩემთვის კალიგრაფია, პირველ რიგში, რუტინულობისგან თავის დაღწევასთან ასოცირდება, შემდეგ კი იწყება ყველაზე საინტერესო შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც მხოლოდ კალიგრაფი და მისი კალამია. მართალია, კალიგრაფები არ ვართ იმ სიტყვების შემოქმედები, რომელთაც გადავწერთ, თუმცა სრულიად ჩვენზეა დამოკიდებული როგორი ფორმით შევასრულებთ მათ და მივიტანთ მნახველამდე - ეს კი ძალიან საინტერესო მისიაა.
2022 წლიდან "საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის" წევრი ვარ. მას შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა გამოფენასა და პროექტში. მიღებული მაქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაშიც, მათ შორის, "თბილისი - საქართველოს დედაქალაქი 900" (გამოფენა მიეძღვნა თბილისის ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებიდან 900 წლის იუბილეს); "ქართველი კალიგრაფები უკრაინისთვის", "ინტერსკრიპტორიუმი" ბარსელონაში და ა.შ.
2022 წელს გიორგი სისაურთან და დავით მაისურაძესთან ერთად, მონაწილეობა მივიღე გამოფენა "თერძში", რომელიც კალიგრაფთა ასოციაციისა და მამაკაცთა სამოსის ბრენდის "ელიას მოსილის" ერთობლივ პროექტს წარმოადგენდა.
განსაკუთრებულად გამოვყოფდი 2023 წელს, როდესაც ქართულ-იტალიურმა კულტურულმა ასოციაციამ Milanium M&T მილანში წარადგინა პროექტი "ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები". ამ პროექტში საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის რამდენიმე კალიგრაფი: გიორგი სისაური, დავით მაისურაძე, ნინი იკაშვილი, თეონა მაისურაძე და მე ჩავერთეთ. წარმოდგენილი იყო დიზაინერი ლაშა დევდარიანისა და კალიგრაფი გიორგი სისაურის კოლაბორაციული ნამუშევრებიც.
ჩემს მილანში წარმოდგენილ ნამუშევარზე, რომელსაც "ცეკვა" დავარქვი, ფიქრი რომ დავიწყე, ზაფხულში წაკითხული წიგნის ფრაზა მიტივტივდებოდა ხოლმე თავში. ჰარუკი მურაკამის წიგნზე: "მიწისძვრის შემდეგ" ზაფხულში ალბათ ბევრს ვილაპარაკებდი, თუმცა მაშინ, მაგიდასთან, ხელში კალმით მჯდომს, მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ამეკვიატებინა და არც ავტორის ერთ-ერთი დასკვნა დამვიწყებოდა, რომ ძალისხმევა სიკვდილზე ფიქრსა და მასთან მშვიდად მიგებებასაც სჭირდება, მისთვის განმზადება კი მხოლოდ ჰარმონიული და მსუბუქი ცხოვრებით მიიღწევა. ჩემი ნამუშევარიც ასეთი მინდოდა ყოფილიყო: კალმის თითოეული მონასმით ჰარმონია და სიმსუბუქე შემომეტანა. ის ფრაგმენტი, რაც მე შევასრულე ცხოვრების ცეკვაზეა. მთავარია, ცეკვა იმ მუსიკის ფონზე, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს, თუმცა როგორ ვიცეკვებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ნამუშევარშიც თითოეული ასო, სიტყვა თავისი გზით მიდის, თუმცა საბოლოოდ ერთ დიდ მთლიან სურათს ქმნის. "ცეკვაში" ცხოვრებისეული წრებრუნვაა გამოსახული, სიცოცხლისა და სიკვდილის მონაცვლეობა, თუმცა ამ ერთი შეხედვით მარად განმეორებად სურათში, ის მრავალფეროვნება იკითხება, რისი შექმნაც მოცეკვავეს შეუძლია ცხოვრების გამოწვევაში, მთავარია ხსოვნა იმისა, რომ იმოძრაოს.
კალიგრაფობის გარდა ამჟამად საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის Liberal arts (თავისუფალი მეცნიერებები) სკოლის სტუდენტი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ძიების პროცესში ვარ, მინდა ბევრი საინტერესო რამ გამოვცადო და შესაბამისად მგონია, რომ ჩემი შემოქმედებაც უფრო მრავალფეროვანი და სავსე გახდება".