რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.
ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.
აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.
დღევანდელი რუბრიკა ალიმენტზეა. თემაზე ნათია თავდუმაძე, მაღალკვალიფიციური ადვოკატი გვესაუბრება.
"როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ფინანსურად არ უზრუნველყოფს შვილს, ესეიგი არ უხდის ე.წ. ალიმენტს?
მეორე მშობელს, რომელთან ერთადაც ცხვრობს ბაშვი, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხვოს მშობელზე ალიმენტის დაკისრება.
ალიმენტის ოდენობა დამოკიდებულია, ერთის მხრივ, ბავშვის საჭიროებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, მშობლის ფინანსურ შემოსავალზე.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგაც არ იხდის ალიმენტს, თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ აღსრულების ეორვნულ ბიუროს იძულებით ალიმენტის გადახდევინების მიზნით, რაც გულისხმობს იმას, რომ მშობლის მიმართ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცედურები, დაყადაღდება მისი ანგარიში, მოძრავი და უძრავი ქონება.
ასევე მნიშვნელოვანია ის ინფორმაციაც, რომ ალიმეტს სხვა კატეგორიის საქმეებისგან განსხვავებით, არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი შეიძლება გახდეს სრულწლოვანი და ამის შემდეგაც მოხდეს ალიმენტის ამოღება, ეს ყოველივე დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, ექნება თუ არა მას ფინანსური შემოსავალი ან თუნდაც მოძრავი/უძრავი ქონება".