რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.
ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.
აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.
დღევანდელი რუბრიკა ვიდეო ჯარიმის გადახდის წესებზეა. თემაზე ვახტანგ მაჭავარიანი, მაღალკვალიფიციური ადვოკატი საუბრობს.
"ალბათ დამეთანხმებით, რომ ტელეფონზე შემოსული ტექსტური შეტყობინება, დაჯარიმებული ხართ, მოძრაობის წესების დარღვევისთვისო, არცთუ სასიამოვნო სეგრძნებას იწვევს და ხასიათის გაფუწების მიზეზიც ხდება. ხშირად, ვერ ხვდები რა დაარღვიე და ზედმეტი 50 თუ 100 ლარის გადახდა არცთუსასიამოვნო პერსპექტივაა. ამავე დროს, შეტყობინებაში წერია, რომ თუ ჯარიმას 30 დღეში არ გადაიხდი, საურავი დაგეკისრებათ.
პირველი ის მინდა გითხრათ, რომ საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯარიმის მართლზომიერების შესახებ საჩივრის შეტანა აჩერებს ვადის დინებას და სანამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ გამოვა, თქვენ თანხის გადახდა არ გევალებათ.
მეორე რიგში, უნდა იცოდეთ, რომ თუ კარგად დააკვირდებით, შეტყობინებას აღმოაჩენთ, რომ ჯარიმა უნდა გადაიხადოთ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვითარი უნდა ჩაგბარდეთ ავტომობილის მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართზე. საჯარიმო ქვითრის ჩაბარება უნდა განხორციელდეს ფოსტის საშუალებით, თუ სახლში არავინ აღმოჩნდა, საფოსტო გზავნილი უკან ბრუნდება და 30 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მე-60 დღისა, განმეორებით იგზავნება მესამე მისამართზე. თუ გზავნილი მეორედაც არ ჩაბარდა, მაშინ საჯარო გამოქვეყნება ხორციელდება და ქვითარი ჩაბარებულად ითვლება. ქვითარი ასევე ჩაბარებულად ითვლება, თუ ოჯახის სრულწლოვანი პირი ორჯერ უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე.
იდენტურად ხდება პარკირების ქვითრებზე. გადახდის ვადა არა საქარე მინაზე მიკრული ქვითრის აღმოჩენიდან, არამედ საფოსტო გზავნილის ჩაბარებიდან გეთვლებათ. განსხვავება ისაა, რომ ვიდეო ჯარიმაზე საჯარო გამოქვეყნება police.ge-ზე ხორციელდება, ხოლო პარკირების კი მუნიციპალიტეტის საიტზე.
არ დაგავიწყდეთ, რომ სმს-ით მოსული შეტყობინებიდან თუ 10 დღეში გადაიხდით საგზაო წესების დარღვევისათვის გამოწერილ ჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით მცირდება, ხოლო თუ საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან 1 წლის განმავლობაში კანონიერად არ ჩაგბარდათ შესაბამისი ქვითარი, მოთხოვნა ხანდაზმულია და ვერავინ მოგთხოვთ ჯარიმის ანაზღაურებას".