ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 14 წლისაა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ უცხოელი გულშემატკივრის გულს იპყრობს.
სათაურშიც ვახსენე და კი, ახლაც განვმეორდები, რომ ის ნამდვილად გახლავთ ამომავალი ვარსკვლავი, ახალი სუნთქვა, ახალი ჟინი, ახალი იმედი და შესაძლებლობა.
დათამ უკვე გაიბრწყინა თავისი შესანიშნავი მონაცემებით არაერთ საერთაშორისო ტურნირსა თუ ჩემპიონატზე და ქართველების, სანსაკუთრებით კი რუსთაველების გახარება შეძლო.
"კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე, რუსთავის საკალათბურთო აკადემიაში, ზურა მაჭავარიანთან და გიგი უჩავასთან. კარიერის პირველი თამაში 7 წლის ასაკში ჩავატარე და საუკეთესო მოთამაშე გავხდი. ამის შემდეგ იყო პატარ-პატარა ტურნირები, სადაც ყოველთვის ვახერხებდი, გამორჩეული ვყოფილიყავი.
12 წლის ასაკში დაგვიკავშირდა აგენტი ლევან ბაბილოძე და გვითხრა, რომ ჩემით დაინტერესებილი იყო იტალიური კლუბი “Next Step Academy”, რომლის პრეზიდენტიც არის Massimiliano Bozzola.
შემომათავაზეს სრულიად უფასოდ, 100%-იანი დაფინანსებით წავსულიყავი იტალიაში და გამეფორმებინა 3 წლიანი კონტრაქტი. რა თქმა უნდა, შეთავაზებას დავთანხმდი და 12 წლის ასაკში გავემგზავრე იტალიაში, სადაც ძალიან კარგი გარემო დამხვდა.
2023-2024 წლის სეზონი წარმატებული აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის.
ვიასპარეზეთ ბუდაპეშტში, სადაც ტარდებოდა “EYBL”- ის ტურნირი და გავხდი საუკეთესო მოთამაშე - MVP.
2024 წლის სეზონში იყო აღნიშნული ტურნირის მეორე ეტაპი და 5 საუკეთესო მოთამაშეში შემიყვანეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჩემთვის.
ასევე, მონაწილეობა მივიღეთ “Spring Cup”-ის ტურნირზეც და გავხდი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.
მოგეხსენებათ, 4 ივლისს მოვრჩით იტალიის რეგიონალურ ჩემპიონატს, სადაც U14, U15 და U17 სამივე ასაკობრივ გუნდში გავხდით ჩემპიონები.
ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ 2024-2025 წლის სეზონიც ასეთივე წარმატებით ჩავატარო. ამ წარმატებებში დიდი წვლილი აქვს და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც "რუსთავის საკალათბურთო აკადემიას", ისე "Next Step Academy"-ს".