“დუბლინის ამ უნივერსიტეტში მოხვედრის მინიმალური შანსი გამართლდა”

2024-05-26 21:52:41

დღეს კიდევ ერთ წარმატებულ რუსთაველ ახალგაზრდას, ნიცა პაქსაშვილს გაგაცნობთ.

ნიცა 17 წლისაა, მომავალი მოსამართლეა და ის სწავლას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში აგრძელებს.

განვლილ გზაზე და მიღწეულ წარმატებაზე "ინფო რუსთავის" მკითხველს ის თავად უამბობს.

"მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დედამ მკითხა, რა პროფესიის არჩევა მსურდა. მომენტალურად ვუპასუხე - მოსამართლე. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ამ პასუხსა და არჩევანს აუცილებლად ჰქონდა გულწრფელი მიზეზი - ჩემი მტკიცე ხასიათი და სიტუაციების მიუკერძოებლად და სრული სამართლიანობით კრიტიკის უნარი.

ჩემი არჩევანის ერთგული დავრჩი. იმ დღის შემდეგ ყოველი ჩემი ნაბიჯი მიზნამდე მისვლის მცდელობა იყო. ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ ფსიქოლოგიასა და სხეულის ენის ინტერპრეტაციას - ანალიტიკურ უნარებთან ერთად, სასამართლო დარბაზში სიმართლის მთავარი საზომებია. დავიწყე საჯარო გამოსვლის უნარებზე მუშაობა. აქტიურად ვმონაწილეობ სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და ახალგაზრდულ სამიტებში, რაც სამართლებრივი სისტემების ცოდნისა და იმ უნარების განვითარებაში მეხმარება, რომელიც იურიდიულ სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია.

გარდა ამისა, სტაჟირების გზით მოვაგროვე პროფესიული ცოდნა სხვა სფეროებში, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი, ბიზნესი და ფოტოგრაფია. საშუალო სკოლა ორი დიპლომით დავამთავრე, ამერიკული დიპლომით და მაღალი GPA-თ. და აქ დაიწყო მთავარი - საუნივერსიტეტო განაცხადის სტრესული პროცესი. მთავარი და რეალური ამბიცია ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები იყო. პირველი წინაღობა კი სხვა რეალობა აღმოჩნდა. ის, რისთვისაც ახლა ვიბრძვით - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სტუდენტს არავითარი ბენეფიტი არ აქვს. მეტიც, მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო სივი და ცოდნა სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა იმ უვერსიტეტებისთვის, სადაც აპლიკაცია გავგზავნე.

სქოლარშიფები: Rejected. Rejected. Rejected. მიღების მაჩვენებელი რომ 50-70 პროცენტი , ანუ მაღალი ჰქონდათ, იმ უნივესიტეტებმა უარი გამომიგზავნეს. სქოლარშიფსა და დაფინანსებაზე ფიქრი კი მითუმეტეს უსაფუძვლო იყო. არ გავჩერდი, არც უკან დავიხიე. ბრძოლას და მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. ოცნება რომ მიზნად აქციო, უნდა სცადო, ამიტომ, სადაც ნაკლებად მქონდა მოხვედრის შანსი, იქაც აუცილებლად გავგზავნე აპლიკაციები. წინ კიდევ 3 უნივერსიტეტის პასუხი მელოდა. 

Accepted. Accepted. Accepted. საერთაშორისო პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სამართალში ევროპის ტოპ ათიდან ორმა მიმიღო - unconditionally. არჩევანის წინაშე დავდექი - Luiss Guido Carli (Rome) და Trinity College, იგივე University of Dublin. დუბლინის ამ უნივერსიტეტში მოხვედრის 20 პროცენტიანი, მინიმალური შანსი გამართლდა. ამ შანსს სწორად გამოვიყენებ.

ძალიან მინდა, რომ ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი გახდეს ჩვენი ქვეყანაც. სამართალი უზენაესია. სწორედ ამ გზით მივალთ ევროპდე. და მე ვიქნები ერთ-ერთი, ვინც ამ გზას გაივლის. კი, ევროპაში ევროპული საქართველოსთვის მივდივარ - განათლება ძირითადი რესურსია, რომელიც სწორ დროს სწორ ადგილას მიგვიყვანს. და გავიმარჯვებთ სახელოვნად!"

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები