მგზავრობა უბილეთოდ

2024-05-24 19:41:51

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

დღვანდელი თემა - უბილეთოდ მგზავრობაა. საინტერესოა, რისი უფლება აქვთ მგზავრებს და რისი უფლება აქვთ კონტროლიორებს? თემის ირგვლივ მაღალკვალიფიციური ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი ისაუბრებს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, უბილეთოდ მგზავრობის საკითხი, სპეციალური ჩანაწერით რეგულირდება. 130-ე მუხლი განმარტავს, რა თანხით დავჯარიმდებით, თუ უბილეთოდ ვიმგზავრებთ ან ბავშვებს არ ავუღებთ ბილეთს. ჯარიმების ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტრანსპორტით ვმგზავრობთ და ბავშვი რამდენი წლისაა.

უბილეთოდ ფრენას, მატარებლით ან საგარეუბნო კატარღით გადაადგილებას შესაბამისი კომპანიის თანამშრომლები აკონტროლებენ და კანონით განსაზღვრული ოდენობის მიხედვით შეუძლიათ დააჯარიმონ დამრღვევი. მუნიციპალურ ტრანსპორტზე კი ქალაქის მერია ზრუნავს.

საქალაქო ავტობუსები, მეტრო თუ ტროლეიბუსი ადგილობრივი დაქვემდებარების არის და საკრებულო განსაზღვრავს, როგორ უნდა განხორციელდეს უბილეთოდ მგზავრობის კონტროლი.

ამ ტიპის ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა ყველგან 20 ლარით ჯარიმდება და ბილეთის აღების ვალდებულება, ყველგან ტრანსპორტში ასვლისას გიჩნდებათ. მგზავრობის დაწყებისთანავე უნდა შეიძინოთ ბილეთი ან ელექტრონულად გადაიხადოთ მგზავრობის ტარიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უბილეთო მგზავრად მიიჩნევით და კონტროლიორს თქვენი დაჯარიმება შეუძლია, ხოლო თუ ჯარიმა გამოგიწერეს, 30 დღეს გაქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ გადაიხდით, ჯარიმა ორმაგდება.

მაგრამ, როგორ უნდა გამოგიწერონ ჯარიმა, თუ თქვენი იდენტიფიცირება არ განხორციელდა, კონტროლიორს არ აძლევთ პირადობას და მაგალითად, ეგნატე ნინოშვილად ეცნობით. წარმოიდგინეს ეს სცენა ქალაქის საკრებულოებმა და სპეციალური დადგენილებით განსაზღვრეს, ამ შემთხვევაში კონტროლიორს არამარტო თქვენი ჩამოყვანის, არამედ პოლიციაში მიყვანის უფლებაც გააჩნია.

ჩამოყვანის საფუძვლად თქვენი უბილეთოდ მგზავრობა ითვლება და პირადობა რომც გქონდეთ, იდენტიფიცირება ავტობუსის გარეთაც შეიძლება.

მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასოა 10 წლამდე ბავშვებისათვის, 10-16 წლის მოზარდებისათვის, ბილეთის აღების ვალდებულება მასთან მყოფ უფროს პირს გააჩნია. სხვათა შორის, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, თბილისში ტრანსპორტიდან 16-დან 18 წლამდე პირების ჩამოყვანა არ შეიძლება". 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები