ვინ უნდა გადაიხადოს რემონტის თანხა, თუ ბინა ნაქირავები გაქვთ?

2024-05-17 20:22:56

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

ვინ უნდა გადაიხადოს რემონტის თანხა, თუ ბინა ნაქირავები გაქვთ?

ამ საკმაოდ მნიშვნელოვან და ბევრი ადამიანისთვის საინტერესო თემაზე მაღალკვალიფიციური ადვოკატი, ვახტანგ მაჭავარიანი ისაუბრებს.

"თითქოს პასუხი მარტივია, რემონტი უნდა ჩაატაროს იმან, ვისი საკუთრებაცაა უძრავი ქონება, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

უძრავი ქონება შეიძლება წლობით გაქირავდეს და ბინა სასტუმრო არაა, მდგმური სრულ კომფორტში ცხოვრობდეს და ყველა ხარჯს გამქირავებელი იხდიდეს. მართალია, მხარეებს თავიდანვე შეუძლიათ მორიგდნენ და ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრონ, თუ ვინ იხდის რემონტის თანხებს, მაგრამ თუ ამ პირობას არ შეიტანთ შეთანხმებაში, მაშინ მიმდინარე რემონტის ჩატარება დამქირავებელს ევალება, ხოლო კაპიტალურის გამქირავებელს. მიმდინარე რემონტს მიეკუთვნება სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია ქონების ყოველდღიურ გამოყენებასთან და მიმართულია ბინიდ დაცვისკენ, რომ არ მოხდეს მისი უდროოდ გაფუჭება, აცილებულო იყოს დაზიანებები და გაუმართაობა. მიმდინარე რემონტად შეიძლება ჩაითვალოს ჭერის შეთეთრება ან დაზიანებული საკეტის შეკეთება, ხოლო კაპიტალური რემონტი გამიზნულია მნიშვნელოვანი ნგრევის აცილებისაკენ. ამ დროს, ხდება შენობის ძირითადი ნაწილების ისეთი აღდგენა, რის გარეშეც უძრავი ქონება არ შეიძლება გამოყენებული იქნას დანიშნულებისამებრ. 

ანუ, დამქირავებლის ვალდებულებაა, რომ ნაქირავები შენობა, მწყობრში დარჩეს. ჩაატაროს მიმდინარე რემონტი, მიხედოს სანტექნიკის და ელექტროობის მსუბუქ დაზიანებას, ხოლო თუ სარემონტო სამიშაოები შენობის კონსტრუქციულ ნაწილში ჩარევას ითხოვს, ეს გამქირავებლის თავის ტკივილია.

მდგმურს უფლება არ აქვს გადააკეთოს, ან რეკონსტრუქცია ჩაუტაროს საცხოვრებელ სადგომს. ავიღოთ უბრალო მაგალითი. ვის ექნება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ მეზობელთან წყალს ჩაუშვებთ და ქონებას დაუზიანებთ? პასუხი ძალიან მარტივია. თუ შეატყვეთ, რომ უნიტაზის ავზიდან წყალი წვეთავს და  არ შეაკეთეთ, ზიანის ანაზღაურება თქვენ მოგიწევთ. და თუ წყლის გაჟონვა კედელში ჩაშენებული მილის დაზიანებამ გამოიწვია, ეს კაპიტალურ რემონტს საჭიროებს და მესაკუთრის გასასტუმრებელი ხდება ზიანის თანხა".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები