აქვთ თუ არა უფლება სკოლიდან გაგრიცხონ?

2024-05-10 17:58:16

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

სკოლიდან გარიცხვა - აღნიშნული თემის გარშემო მაღალკვალიფიციური ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი საუბრობს.

"ყველა სკოლას გააჩნია თავისი შინაგანაწესი, სადაც გაწერილია სკოლის ტერიტორიაზე მოქმედი წესები და ამ წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული სასჯელი. სხვა წესებთან ერთად, შინაგანაწესში განსაზღვრულია რა ითვლება დისციპლინის დარღვევად. ძირითადად, ესაა სკოლის არასაპატიო გაცდენა, დაგვიანება, სკოლის ქონების შეგნებულად დაზიანება, სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, თამბაქოს ან ნარკოტიკის მოხმარება, ასევე იკრძალება სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობა ან გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა. შინაგანაწესის შესრულება, სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისა და მანდატურებისათვის.

დისციპლინის დარღვევისათვის, მოსწავლის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი პასუხისმგებლობის ზომები, როგორიცაა სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილება, სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, მაგალითად, კლასის, დერეფნის, სათავსოების დალაგება და სხვა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესებიდან მხოლოდ 5 დღემდე ვადით, მასწავლებელს კი მხოლოდ გაკვეთილიდან გაძევების უფლება გააჩნია.

მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დისციპლინარული სასჯელის უკიდურესი ზომაა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ დისციპლინარული კომიტეტის პრეროგატივაა. დისციპლინარული კომიტეტი არჩევის წესით კომპლექტდება და მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან მასწავლებლები, მშობლები და ზედა კლასის მოსწავლეები. გარიცხვაზე გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით. დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება კი შესაძლებელია სააპელაციო კომიტეტში, რა თქმა უნდა, თუ არსებობს ასეთი კომიტეტი კონკრეტულ სკოლაში და თუ არ არსებობს, მაშინ სამეურვეო საბჭოში.

და ბოლოს, სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს, უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს და არავის აქვს უფლება, სკოლიდან გარიცხოს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლე ბავშვები. ე.ი. მეცხრე კლასის ჩათვლით სკოლიდან მოსწავლის გარიცხვა არაკანონიერია". 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები