დღეს გაგაცნობთ თვითნასწავლ ხელოვანს რუსთავიდან, მარიამ კოპაძეს.
მარიამი დაინტერესებულია უიშვიათესი ხელოვნების, 3D origami-ისა და ქვილინგის ტექნიკებით.
დანარჩენს ჩვენი რუბრიკის გმირი "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უამბობს.
"მე ვარ მარიამ კოპაძე 17 წლის.
დაინტერესებული ვარ უიშვიათესი ხელოვნების, 3D origami-ისა და ქვილინგის ტექნიკებით, რომლებიც ფერადი ფურცლებისაგან იქმნება. ამ ტექნიკებში ვარ თვითნასწავლი ხელოვანი. ქვილინგის ტექნიკით დაახლოებით ერთი წლის წინ დავინტერესდი. თავიდან ყურძნის მტევნის აწყობა მოვინდომე, რომელიც ინტერნეტში ვნახე და გადავწყვიტე მეც მეცადა. ბევრი ცდის შედეგად გამომივიდა, რის შემდეგაც გამიჩნდა სურვილი უფრო მეტი მომეძიებინა და გამეგო ამ ტექნიკის შესახებ.
ქვილინგი ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნებაა. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით. ვარ აბიტურიენტი, მაგრამ აბიტურიენტობის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობ, დრო დავუთმო ჩემს ნამუშევრებს. უმეტესად ღამით ვმუშაობ, რადგან დღის განმავლობაში დრო არ მაქვს. მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული, უცხო და ამავდროულად შრომატევადია. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში გადმოვცე ჩემი ემოციები და განწყობა.
ამასთან ერთად, როგორც უკვე გითხარით, 3D ორიგამის ტექნიკაზეც ვმუშაობ, რაც 2015 წლიდან დავიწყე. ამ ტექნიკაშიც თვითნასწავლი ვარ, 3D ორიგამის ნამუშევრები მხოლოდ ფერადი ფურცლებისაგან იწყობა, წებო არ გამოიყენება. ვიყენებ ჩვეულებრივ A4-ზომა ფერად ფურცლებს, რომლებსაც სასურველ ზომაზე ვჭრი საკანცელარიო დანით. ხელოვნების ეს მიმდინარეობა არცთუისე პოპულარულია საქართველოში, ამ ტექნიკით ცოტაა დაინტერესებული და სწორედ ამიტომ, გამოფენებზე ნამუშევრებს ბევრი გაოცებული ათვალიერებს და ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდება.
მქონდა საკმაოდ ბევრი გამოფენა, სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ორ დღიანი პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, დაესწრო რამდენიმე პროფესიონალი მხატვარიც.
ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ვხატავ. ხატვას რუსუდან გელაშვილი მასწავლის და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი სიყვარული და ასეთი დამოკიდებულება ხატვის მიმართ. სტუდიიდანაც, რა თქმა უნდა, გვქონდა საკმაოდ ბევრი გამოფენა.
ჩემი მთავარი მიზანია, ბევრს გავაცნო ეს უიშვიათესი ტექნიკები და ბევრი დავაინტერესო. რა თქმა უნდა, მაქვს უამრავი გეგმა და მიზანი წინ".