რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.
ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.
აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.
პირველი რუბრიკის თემა ვადაგადაცილებული სესხები გახლავთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს მკითხველს ადვოკატი ნათია თავდუმაძე ამომწურავად ესაუბრება.
"სესხს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იქნება ეს თუ ბანკი, ბუნებრივია, გასცემს კონკრეტული ვადით. ეს შეიძლება იყოს პირობითად 1, 2 ან 3 წელი. მაგალითად, შენ 2024 წლის მარტში აიღე სესხი და დაბრუნების ვალდებულება გაქვს 2025 წლის მარტამდე, მაგრამ 1 თვის გადასახადიც რომ დაარღვიო, ბანკს უკვე უფლება აქვს გედავოს ამ თანხასთან დაკავშირებით.
ასეა კანონით გათვალისწინებული, თუმცა პრაქტიკაში, ზოგადად, მსგავს შემთხვევებში არ იწყებენ დავას, რადგან თვითონ ბანკისთვისაც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვისაც, ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ძირითადად, 1 ან 2 წლის შემდეგ, როცა უკვე დაგროვილია გარკვეული დავალიანება, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დავის დაწყებაც. როგორც წესი, ბანკი ბოლომდე ელოდება, რომ მომხმარებლისთვის გათვალისწინებული ვადა ამოიწუროს და შემდეგ დაიწყოს დავა. ეს მოქალაქისთვის ძალიან წამგებიანია, თუმცა ძალიან მომგებიანია ბანკისთვის. იმიტომ, რომ ბანკი პროცენტს, პირგასამტეხლოს, ჯარიმას არიცხავს მოქალაქეს და პირიქით, მისთვის უფრო კარგია, რაც უფრო გვიან დაიწყებს დავას, ბევრად მეტი თანხის ამოღება იქნება შესაძლებელი.
თითქმის ყველა უშვებს და ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ბანკი გიჩივის სასამართლოში, შენი ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებული ხარ იმისთვის, რომ სასამართლომ გაზრდილი თანხები არ დაგაკისროს, შენც შეიტანო პასუხი. ზოგადად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ასე, ბანკი სარჩელით შედის სასამართლოში, სასამართლო დღის განმავლობაში მსჯელობს იმაზე, წარმოებაში მიიღებს თუ არა საქმეს და თუ მიიღებს წარმოებაში, შემდეგ უკვე ბანკია ვალდებული, 2 თვის ვადაში სარჩელი, რომელიც შენს წინააღმდეგ შეიტანა, ჩაგაბაროს. მას მერე, რაც გბარდება ეს ყველაფერი, გაქვს მაქსიმუმ 10 დღე, რომ პასუხი შეიტანო. მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ამ ვადას უშვებს, არ აქცევს ყურადღებას და არ აფიქსირებს პასუხს.
როდესაც არ შეგაქვს სასამართლოში პასუხი და შენს პოზიციას არ აცნობებ, სასამართლო თვლის, რომ ბანკს ეთანხმები, დაუსწრებლად მსჯელობს ამ საქმეზე და საფინანსო ორგანოზაციას ყველა მოთხოვნას პირდაპირ უკმაყოფილებს.
ანუ პასუხის არ შეტანა არის იმის წინაპირობა, რომ სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. პასუხი იმიტომ არის აუცილებელი, რომ როგორც წესი, ბანკები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანხები ამოიღონ მოქალაქეებისგან და ზოგიერთ შემთხვევაში, კანონთან შეუსაბამო პროცენტსაც ითხოვენ, ჯარიმასაც და პირგასამტეხლოსაც. თქვენ კი, როდესაც შეგაქვთ პასუხი, იქ უნდა დააფიქსიროთ სწორედ ეს, რომ დიახ, ძირითადი თანხის ვალდებულება გეკისრებათ, მაგრამ თუკი ბანკი ითხოვს კანონთან შეუსაბამო პროცენტს და ჯარიმას, მაშინ უნდა მოითხოვოთ მისი შემცირება.
მაგალითად, არ შეიტანეთ პასუხი, გამოვიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდგომ ბანკი მიდის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც როგორც კი შევა საქმე, რომ კნკრეტულ მოქალაქეს თანხა აქვს დაკისრებული და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, უკვე აღმასრულებელი უყადაღებს პირად ანგარიშს, უძრავ ქონებებს, ყველაფერს, რაც მის სახელზეა და ბუნევირვია, ეს დიდ პრობლემებს ქმნის.
ძირითადად, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ჩვენ მოგვმართავს მას შემდეგ, რაც მის ანგარიშზე უკვე ყადაღაა გავრცელებული და პირადი ანგარიში დაბლოკილია. ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდანაც დახმარების გაწევის ნაკლები შანსია იმიტომ, რომ ის ვადები, რაც მას სასამართლომ მისცა, უკვე გაშვებულია, სასამართლო საქმის გაცოცხლება კი ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში უწევს, გადაიხადოს ეს თანხა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგჯერ ბანკი ითხოვს მზარდ პროცენტს, სანამ ბოლომდე არ ამოიღებს იმ თანხას, რაც დაკისრებულია მოქალაქეზე, სურს ყოველთვიურად დაემატოს და დაემატოს პროცენტი. შესაბამისად, წლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ვალიც მზარდია და მოქალაქე გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მოქალაქეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ვადები გაშვებულია, აღდგენა ასე მარტივი არაა, თუ რაღაც კონკრეტული მიზეზი არ გაქვს. ისეთი შემთხვევაც გვქონია, როდესაც რეალურად ბანკს არ ჩაუბარებია პირისთვის და ისე გამოსულა გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, ეს ვადა აღგვიდგენია და გვიდავია.
რაც შეეხება აღსრულების საკითხს, როდესაც აღსრულებაში შედის საქმე, აღმასრულებელს აქვს 10 წელი იმისთვის, რომ ეს თანხა ამოიღოს. 10 წლის განმავლობაში რა ქონების გაყიდვასაც შეძლებენ აუქციონზე ან თუნდაც ანგარიშიდან რა თანხასაც წამოიღებენ, ეს ფული იქნება ამოღებული. თუ 10 წელში სრულად ან საერთოდ ვერ შეძლებენ თანხების ამოღებას, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც უძრავი ქონება აქვთ, არც მოძრავი ქონება გააჩნიათ, არ მუშაობენ, საბანკო ანგარიშზეც თანხა არ ერიცხებათ და შეიძლება 10 წლის განმავლობაში არ გაჩნდეს მათ სახელზე რაიმე ქონება, ამ შემთხვევაში, ეს მოთხოვნა ხანდაზმული ხდება და აღსრულების საქმეც წყდება. თუნდაც 10 წლის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ამ პირმა რაღაც ქონება და შემდეგ აისახა მის სახელზე, 10 წელი არის მაქსიმალური ვადა, რასაც აღმასრულებელი ვერ გასცდება და ამ დროის შემდეგ, თავისუფლდება პირი დაკისრებული ვალდებულებისგან.
თუმცა, საპირისპირო შემთხვევაში ეს ქონება გადის აუქციონზე, იყიდება და შესაბამისად, როდესაც უკვე სხვა პირი შეიძენს, ის ხდება ამ ქონების მეპატრონე და უფლებაც აქვს, რომ თუნდაც ოჯახი გამოასახლოს სახლიდან. ხშირად იმასაც გვეკითებიან, როდესაც მათ წინააღმდეგ აღსრულებაშია დაწყებულია საქმე, შეუძლიათ თუ არა, რომ ოჯახის წევრის ქონებას შეეხონ, ამის უფლება, რა თქმა უნდა, არ აქვთ.
ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ოჯახის წევრების პირადი ნომერი იქნება ეს თუ ტელეფონის ნომერი, კონფიდენციალური ინფორმაციაა, პერსონალური მონაცემებია და მათ არ აქვთ უფლება, დაარღვიონ თქვენი პირადი სივრცე. ან თუნდაც იმ ვალდებულებაზე, რომელიც გიფიქსირდებათ, დაუკავშირდნენ თქვენი ოჯახის წევრს. ერთადერთი გამონაკლისია, თუ თავდებშია ეს პიროვნება დაფიქსირებული, ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ დაუკავშირდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ამ და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ჰქონდეს მინიმალური ინფორმაცია მაინც, თუ ბანკებთან ურთიერთობა ვადაგადაცილებული სესხების კუთხით უწევთ".