"შემდეგი გაჩერება სიეტლი, ვაშინგტონის უნივერდსიტეტი",- დაწერა 20 წლის დიანა გრიგორიანმა სოციალურ ქსელში და ასე ვიპოვე ჩემი რუბრიკის მომდევნო გმირი, საოცრად მიზანდასახული დაა ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ამერიკის საელჩოს სრული დაფინანსებთ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ისწავლის.
დანარჩენს კი, "ინფო რუსთავის" მკითხველს, თავად რუბრიკის გმირი უამბობს.
"ხშირად ადამიანები ოცნებას ფუჭ დროის კარგვად მიიჩნევენ, ჩემთვის კი ეს შესაძლებლობაა, დავისახო ერთი შეხედვით რთულად მისაღწევი, თუმცა აუცილებლად განსახორციელებელი მიზნები. ჩემი ცხვოვრების ეს ეტაპი ეძღვნება პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, მაშასადამე, ვციდილობ შევიმუშავო დისციპლინა, რომელიც დროებითი მოტივაციისგან განსხვავებით, მუდმივად მიბიძგებს მივყვე ზემოაღნიშნულ მარშრუტს ოცნებიდან რეალობამდე.
ამჟამად, ვსწავლობ ჯიპაში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსზე. გადაწყვეტილება, რომელსაც არასდროს ვინანებს სწორედ ამ ფაკულტეტზე ჩაბარებაა, ვინაიდან, აღმოვაჩინე, რომ ჩემი პიროვნული მახასიათებლები და ინტერესები სრულ თანხვედრაში მოდის დიპლომატიასთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან და პოლიტიკასთან. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მთავარი პროფესიული ხაზის მიღმა, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვან აღმოჩენად იქცა არაფორმალური განათლება თავისი მეთოდოლოგიით. "იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გინდა სამყარო" - მაჰათმა განდის ამ სიტყვების ინსპირაციით, ვეცადე ჩემი უნივერსიტეტის მიღმა აქტივობა სრულიად ახალგაზრდული საქმიანობისთვის მიმეძღვნა და აღნიშნულს იმავე ტემპით ვაგრძელებ დღესაც.
გარდა იმისა, რომ ჩართული ვარ არაერთი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც ინდივიდუალურად თუ გუნდთან ერთად ვგეგმავ ღონისძიებებს სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე დაინტერესებული ვარ საგრანტო პროგრამებითა და ისეთი შესაძლებლობებით, რომლებიც მომცემს საშუალებას, ვუხელმძღვანელო პოზიტიურ ცვლილებებს ჩემს თემში. მაგალითისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის ქვეგრანტის ფარგლებში, რუსთავში, დავაორგანიზე 2 დღიანი ტრენინგი "ლიდერი ქალი ძლიერი სახელმწიფოსთვის", რომელიც მიზნად ისახავდა რუსთავისა და გარდაბნის წარმომადგენელ ქალთა გადამზადებას გენდერული სტერეოტიპებისა და ადვოკატირების კამპანიის წარმოების თემებზე. ტრენინგმა, გარდა იმისა, რომ აუმაღლა ცნობიერება ლიდერ ქალებს საზოგადოებრივ ჩართულობაზე, მისცა მათ შესაძლებლობა, ადგილზევე დაეგეგმათ ადვოკატირების კამპანია, რომელსაც შემდეგში აუცილებლად განახორციელებენ თავიანთ თემში.
ამასთან ერთად, მაქვს მრავალფეროვანი მოხალისეობრივი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. European Solidarity Corps ქართველ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით იმოგზაურონ, იმუშაონ მულტიკულტურულ გარემოში და დააგროვონ სხვადასხვა ლიდერული უნარები თუ კომპეტენციები. სწორედ აღნიშნული პროგრამით, სხვადასხვა პერიოდი დავყავი რუმინეთსა და პოლონეთში, სადაც შევიმეცნე მრავალი ქვეყნის კულტურა, ასევე ბევრს გავაცნი საქართველო თავისი ღირსშესანიშაობებით და მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება საზოგადოებასთან კომუნიკაციისა თუ ტრენერობის მიმართულებით. სწორედ ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ჩართულობის გამოცდილება გახდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების გასაღები.
ოქტომბერში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე აღმოვაჩინე SUSI-ის პროგრამა, რომელიც სტუდენტებს და არა მარტო მათ, სთავაზობს ამერიკული ინსტიტუტების შესწავლას, სრულიად დაფინანსებულ, ინტენსიურ კურსს სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ვინაიდან, უნივერსიტეტის კურსის ფარგლებშიც ხშირად შევხებივართ ამერიკის პლურალისტურ საზოგადოებაში დემოკრატიის მშენებლობის პროცესების განხილვას, ჩავთვალე, რომ ეს პროგრამა მომცემდა შესაძლებლობას, მეტად ამემაღლებინა ცნობიერება ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებისგან, ასევე პოზიტიურად იმოქმედებდა ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ უნარებზე და ბოლოს, მომცემდა კონკრეტულ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის გამოყენებასაც შემდეგში საქართველოში შევძლებდი, საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნებით. პროგრამის მონაწილეთა არჩევა ხდებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ მოსწრებასა და სარეკომენდაციო/სამოტივაციო წერილზე დაყრდნობით, სადაც აპლიკანტს საზოგადოებრივი ჩართულობის გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ იქნებოდა ის პროექტისთვის საუკეთესო კანდიდატი.
საბედნიეროდ, პირველი ეტაპიც და გასაუბრებაც წარმატებით გადავლახე და გავხდი ფინალისტი, რაც მომცემს ვაშინგტონის უნივერსიტეტში სასწავლო კურსის სრული დაფინანსებით გავლის შესაძლებლობას. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავიწყებ სტაჟირების პროგრამას ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სექციაში, რითაც გავიღრმავებ პროფესიულ კომპეტენციას და პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით, მეტად გავიკვლევ სამომავლო კარიერულ გზას. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც თანამედროვე სამყარო სთავაზობს ახალგაზრდებს და მათ შორის, პირველი მიზანი მაგისტრატურის საზღვარგარეთ ჩაბარებაა, რასაც იმედი მაქვს, წარმატებით გავართმევ თავს. ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდებს კი ვურჩევ, რომ ირწმუნონ მათი უნიკალურობა და ზღვა შესაძლებლობები, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვისაც საკუთარი თავი უნდა შევადაროთ, ჩვენვე ვართ წარსულში".