15 წლის რუსთაველი გოგონა სწავლას ამერიკაში გააგრძელებს

2024-03-25 13:42:20

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი კიდევ ერთი რუსთაველი ახალგაზრდაა, რომელიც სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

ანანო სოხაძე - Flex პროგრამის ფინალისტი მიღწეულ წარმატებაზე "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უამბობს.

"რაც თავი მახსოვს, ჩემს დღის წესრიგში სიახლისკენ სწრაფვა ახალი არასდროს ყოფილა.

რას არ ვსწავლობდი: აზიურ და ევროპულ ენებს, ჭადრაკს, ხატვას, სპორტს... ამ დატვურთული გრაფიკის მიღმა კი იმალებოდა ნამდვილი მე-ს პოვნისკენ მიმავალი გზა. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობებიდან მხოლოდ რამდენიმეს მივყვები დღემდე, საშუალება მომეცა გამემიჯნა რა მომწონდა, რისი კეთებისკენ მიმიწევდა გული და რაც მთავარია, უბრალოდ მეცადა. სწორედ სიახლეებისკენ სწრაფვის ამ უნარმა მომიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ.


ფლექსის პროგრამაში მონაწილეობა და ამერიკის გაცნობა ადრეული ასაკიდან შედიოდა ჩემს ოცნებებში, რომელიც შემდეგ მიზნად ვაქციე და მივაღწიე კიდეც. კარგად მახსოვს, როგორ ვიჯექი პროგრამის კურსდამთავრებულ ნათესავთან, საათობით ვუსმენდი იმ თავგადასავლებს, რაც მას ამერიკაში გადახდა და მის ადგილას საკუთარ თავს წარმოვიდგენდი.

ლოდინის შემდეგ მეც მომეცა ამხელა შესაძლებლობისკენ ნაბიჯის გადადგმის შანსი. მიუხედავად პირველი მარცხისა, გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და იქამდე მებრძოლა, სანამ წარმატებას არ მივაღწევდი. კარგად მქონდა გააზრებული, რომ ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება დამხვდებოდა წინ, ხოლო დანებება ცუდს თუ არა, კარგს ნამდვილად ვერ მომიტანდა. ბევრი შრომისა და ლოდინის შემდეგ, მივიღე ის პასუხი, რისი მოსმენაც 9 წლის ანანოს მხოლოდ სიზმრებში თუ წარმოედგინა. გარდა ჩემი ბედნიერებისა, დავინახე ჩემი მშობლების, ნათესავების, მეგობრებისა და მასწავლებლების გაბრწყინებული თვალები, რადგან მათზე მეტად ამ გზაზე არავინ დამდგომია მხარში, არ მოუციათ ჩემთვის დანებების საშუალება და ყოველთვის შთამაგონებდნენ, რომ ჩემი შესაძლებლობები პატარა ქალაქს უნდა გაცდენილიყო.


მინდა ყველა ჩემს თანატოლს მოვუწოდო გამოვიდნენ იმ ზონიდან, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ და აღმოაჩინონ შესაძლებლობათა ის ზღვა, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთი პატარა მარცხი უამრავი, დიდი წარმატების საწინდარია და არასდროს თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე".