ჩვენი რუბრიკის დღვანდელი გმირი "FLEX"-ის მორიგი ფინალისტი, ლიზი გოგიჩაშვილია, რომელიც სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ღრმა ბავშვობიდან ოცნებობდა, 15 წლის ასაკში კი ოცნების რეალობად ქცევა შეძლო.
როგორ მივიდა წარმატებამდე, განვლილ ეტაპებზე უნიჭიერესი და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად უამბობს.
"ადრე ჩემთვის რომ გეკითხათ, რა არის შენი ოცნებაო, პასუხად მხოლოდ მოციმციმე თვალებით და ყურებამდე გადაჭიმული ღიმილით ნათქვამ ორ სიტყვას მიიღებდით "ამერიკაში წასვლა!". აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახის წევრებს, რადგან მთელი ეს დრო ჩემს გვერდით იდგნენ და ყველანაირად მეხმარებოდნენ, იზიარებდნენ ჩემს მიდრეკილებას ამერიკაში სწავლიკენ, პატივს სცემდნენ ჩემს არჩევანს, ჯეროდათ ჩემი.
დღესაც მახსოვს და არამგონია დამავიწყდეს ჩემი კერძო ინგლისურის მასწავლებლის - შორენა რეხვიაშვილის მიერ დასმული შეკითხვა, ლიზი არ გინდა FLEX ცადო? რას წარმოვიდგენდი, რომ ეს შემოთავაზება ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.
13 წლის ვიქნებოდი, როცა გაცვლითმა პროგრამებმა მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო და დღე არ გავიდოდა, FLEX-ზე რომ არ მელაპარაკა. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ ჩემი ძმა - გიორგი გოგიჩაშვილი - FLEX ალუმნი არის. ბავშვობიდანვე მისი წარმატებებით აწყობილ ბილიკზე მივდიოდი და ერთხელაც ვიფიქრე, რომ დროა ჩემს გზას გავყვე და დავუმტკიცო ყველას, რომ ჩემს მიერ მიღწეული წარმატებები არანაირად არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ჩემი ძმა არის წარმატებული და ამის ფონზე პრივილეგირებულს მხდის.
2023 წელს პირველად დავრეგისტრიდი FLEX-ზე, თუმცა ვერ მივაღწიე ნახევარფინალამდე. ვაღირებ მეწყინა, მაგრამ მე მამოძრავებდა, უპირველესად საკუთარი თავისთვის და შემდეგ ყველასთვის დამტკიცების ძალა, რომ ვარ დამოუკიდებელი, თვითრეალიზებისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელიც სასურველს მიაღწევს.
მეორედ, 2024 წლის სექტემბერს ვცადე. ვგრძნობდი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, გავწონასწორდი, როგორც პიროვნება, გავიაზრე ყველა ჩემი ნაკლოვანება თუ უპირატესობა და მზად ვიყავი ხელახლა შემეტია.
22 თებერვალს 17:25 დამირეკეს.
თავიდან უბრალოდ ტექნიკურ ხარვეზზე მომაწოდეს ინფორმაცია და ვიფიქრე, რომ სულ ეს იყო, როდესაც ტელეფონიდან გავიგე ის სამი სიტყვა - "შენ ფინალისტი ხარ!". სუნთქვა შემეკრა, წინ ყველაფერი დამიბნელდა და სულ სხვა სამყაროში გადავედი. იმ დროს ხატვაზე ვიყავი და მაშინვე გავეშურე ჩემს ნომერ პირველ გულშემატკივართან, ჩემს დიდ მეგობართან, კერძო მასწავლებელთან და ყოველივე მოვახსენე. ჩემს ძმასაც იმ წამსვე მივწერე. სიტყვაზე მენდეთ და გეუბნებით, იმ დღეს ყველამ იტირა ჩემი ჩათვლით. სამყარო გადამიტრიალდა თავიდან ბოლომდე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ ასე მგულშემატკივრობდნენ და შემდეგ დღეს წვეულება მომიწყეს. ყოველთვის დავაფასებ მათ და არასდროს დავივიწყებ.
პროგრამის მომდევნო ეტაპებს ახლა გავდივარ. ერთი სული მაქვს გავიცნო ჩემი მასპინძელი ოჯახი და შტატი, სადაც მოვხვდები.
მინდა ვურჩიო ყველას, რომ არასდროს დანებდნენ. "ცდა ბედის მონახევრეაო" არა? დღეს მოზარდებს უკვე იმდენი შესაძლებლობა გვაქვს წარმატებული მომავალის ჩამოსაყალიბებლად, რომ სირცხვილია წუწუნი, რომ რაღაც არ შეგიძლია, რადგან შეუძლებელი არაფერია. თუ ადამიანს ნამდვილად სურს რაღაც, იგი ყოველთვის მიაღწევს თავის მიზანს.
FLEX არ საჭიროებს ინგლისური ენის ცოდნას, საბაზისო დონე საკმარისია, ამიტომაც გირჩევთ, ყველამ ცადოთ, ელემენტარული გამოცდილებისთვის. თუ მართლა დაგაინტერესათ პროგრამამ, შეგიძლიათ მათ ვებ-გვერდზე გადახვიდეთ და გაეცნოთ უკვე ჩამოსული ფინალისტების შთაბეჭდილებებს. მე კი ყველას წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რომ ყველაფერს შეძლებთ!".