17 წლის რუსთაველი გოგონა სწავლას ამერიკაში აგრძელებს

2024-03-10 21:54:14

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 17 წლის ანა ქარქუსოვია, რომელიც სწავლას ამერიკაში აგრძელებს.

"FLEX"-ის ფინალისტი წარმატების ისტორიას "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად მოუყვება.

"ჩემი პიროვნული განვითარების გზაზე ბევრი ისეთი გარდამტეხი მოვლენა მომხდარა, რამაც საბოლოოდ მიმიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ. მჯერა, რომ ეს გზა ხანმოკლე ნამდვილად არაა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო, საოცარი მოვლენა მელოდება, რომელიც ასევე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში. 

მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, თითოეული შექება, რომლებსაც მასწავლებლებისგან ვიღებდი, დედასთან თვალებგაბრწყინებულს მიმქონდა, დედა კი მეუბნებოდა, რომ როგორც პატარა ანით ამაყობდა, ისე უნდა ეამაყა იმ დიდი გოგოთი, რომელიც აუცილებლად დავდგებოდი. ეს სიტყვები დღემდე ღრმად მაქვს გონებაში ამოტვიფრული და ჩემს მიზნადაა ქცეული. მაშინ ჩემთვის ნაცნობი გარემო მხოლოდ ბაღამდე მისასვლელი გზით და თბილი სამეზობლოთი შემოიფარგლებოდა, გარშემო კი პატარა მთები გვეკრა. ჩემსგონებაში იმ მთის იქით ბევრჯერ ათასნაირი პეიზაჟი გაცოცხლებულა და ვფიქრობ, სწორედ მთის მიღმა ყურებამ განაპირობა იმ ფრთების ფართოდ გაშლა, რომელიც დღემდე ყველა იმ მიზნის მიღწევაში მეხმარება, რომელსაც დავისახავ.


ყოველთვის ვცდილობდი მიმეღო გამოცდილება, რომელიც საკუთარი თავის განვითარებაში და ბოლომდე გამოვლინებაში დამეხმარებოდა. სწორედ ამ მზინით, ერთ-ერთ ზაფხულს შემთხვევით გადავაწყდი პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა ერთწლიანი სასწავლო პროგრამა ამერიკაში გაეტარებინათ. მაშინვე ყველაფრის გარკვევა დავიწყე. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს უწევდათ გამხდარიყვნენ ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩები ამერიკაში, რომ გაეზიარებინათ ის ცოდნა თუ ღირებულებები, რაც კულტურასთან და ქვეყნის ისტორიასთან ასოცირდება. რაც მთავარია, განევითარებინათ ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელიც დამოუკიდებლობისკენაა მიმართული.

ასე რომ, მივხვდი ეს იყო შანსი, რომელიც ხელიდან არუნდა გამეშვა. პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის დიდ გამოწვევად იქცა. ყოველი ცდისას კი ემოციების ზღვას ვიღებდი. მათ შორის, იყო გულისწყვეტაც, თუმცა ამას ნამდვილად არ შევუჩერებივარ. ვიცოდი, რომ გამარჯვება უნდა მომეპოვებინა, მქონდა მიზანი და რაც მთავარია, სტიმული, რომ კიდევდაკიდევ მეცადა. საბოლოო ჯამში, შევძელი ის, რისიც ასე მწამდა.


მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ისინი ყოველთვის მზად არიან დამეხმერონ ყველა იმ კარის გაღებაში, რომელიც წარმატების გზაზეა. ბოლოს ჩემი დიდი რჩევა იქნება, რომ მარცხმა არასდროს არ შეგაჩეროთ და ყოველთვის მისცეთ თქვენს თავს და მიზნებს მეტი შანსი".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები