ლონდა ტყემალაძე - წარმატებული მოცეკვავე რუსთავიდან

2023-02-15 13:58:57

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 6 წლიდან სცენაზე დგას და მაყურებლის წინაშე გამოსვლას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აპირებს.

დღეს გაგაცნობთ 24 წლის ლონდა ტყემალაძეს, ქვემო ქართლის სპორტცეკვების ფედერაციის გენერალურ მდივანს.

მის ანგარიშზე იწერება არაერთი წარმატებული ტურნირი, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებში ის არაერთგზის გამხდარა ფინალისტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში საქართველოს ვიცე ჩემპიონის ტიტულის მფლობელებიც გახლავთ.


ცოტა ხნის წინ, კვალიფიკაციაც აიმაღლა და მესამე კატეგორიის მსაჯი გახდა.

პარალელურად, ცოდნას ახალ თაობას უზიარებს და ზრდის სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ახალ ვარკსვლავებს.

დანარჩენს კი თავად ლონდა მოგიყვებათ.

"ცეკვა ნამდვილად გახლავთ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა, რომელშიც ძალიან დიდი დრო და ენერგია ჩავდე. 

6 წლის ვიყავი, როდესაც სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებზე შევედი. რა თქმა უნდა, მაშინ არ მქონდა გააზრებული, რომ ავირჩიე საქმე, რომელიც სპორტს და ხელოვნებას აერთიანებს, რაც თავის თავში უდიდესი შრომისა და ნებისყოფის გაერთიანებას გულისხმობს. 


ჩემმა პირველმა პედაგოგებმა, მადონა და ანზორ ბლიაძეებმა, ძლიან შემაყვარეს საქმე, რომელსაც მათთან ერთად ვაკეთებდი. რაც უფრო ვიზრდებოდი, იზრდებოდა პასუხისმგებლობაც და დარბაზში გატარებული საათების რაოდენობაც, რომ მიგვეღო ის შედეგი, რასაც გარშემომყოფები ჩემგან და ჩემი ცეკვის პარტნიორისგან ელოდნენ. არაერთი წარმატებული ტურნირი გვქონია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მრავალგზის ფინალისტები და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელებიც ვართ ახალგაზრდების კატეგორიაში. 

მე და ჩემი მეწყვილე 2019 წელს ამერიკაში, კონკრეტულად ტეხასში გავემგზავრეთ. ვცეკვავდით და პარალელურად, ვასწავლიდით ერთ-ერთ სტუდიაში, სადაც ძალიან ბევრი შოუ და ტურნირი იყო დაგეგმილი, თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ჩვენი გეგმების მიხედვით არ მიდის. დაიწყო პანდემია, გაიყინა სრულიად მსოლიო და ბუნებრივია, გამონაკლისი ვერ იქნებოდა ვერც ამერიკა. გაუქმდა ყველა შოუ, ყველა გეგმა, რომელიც უნდა განგვეხორციელებიდა და აღმოვჩნდი ამოტრიალებული გეგმებით, ოჯახისგან ძალიან შორს.


ცეკვამ მასწავლა, რომ არ უნდა დანებდე და გადვწყვიტე, უკან, ჩემს ქვეყანასა და ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ახლა უკვე ჩემი საკუთარი სტუდია მაქვს და ვზრდი მომავალ თაობას, ბავშვებს, რომლებიც ასეთი ნიჭიერები და გამორჩეულები არიან.

წელს უკვე ქვემო ქართლის ფედერაციის გენერალური მდივანი და მესამე კატეგორიის მსაჯი გავხდი, რაც ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავად მე, კიდევ ბევრი წელი ვაპირებ სცენაზე დგომას და იმის კეთებას, რაც ასე ძალიან მიყვარს. მჯერა, ცხოვრების მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინაა".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები