ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი ლევან ჯალაღანიაა.
ის მოქალაქეებს, შესაძლოა, როგორც არაერთი გახმაურებული საქმის პროკურორი, ისე ახსოვდეთ.
წარმატებული პროკურორობიდან ადვკატურამდე - სწორედ ამ გზაზე, 15-წლიანი კარიერის გაგრძელებაზე უამბობს ჩვენს მკითხველს რუბრიკის გმირი.
"2007 წლიდან საქართველოს პროკურატურაში ვმუშაობ. ამ პერიოდიდან 1 წლიანი სტაჟირება წარმატებით გავიარე და
სტაჟირების გავლის შემდგომ, 25 წლის ასაკში, პირველად დავდექი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ან ბათუმში გამეგრძელებინა საქმიანობა პროკურორად ან უარი მეთქვა ჩემს ოცნებაზე, გავმხდარიყავი პროკურორი.
ძნელია ამ ასაკში მოწყდე ოჯახს, მეგობრებს, გარემოცვას, თუმცა მივიღე გადაწყვეტილება და დავთანხმდი შემოთავაზებას ვყოფილიყავი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საინტერესო ქალაქის პროკურორი.
2008 წლის დეკემბრიდან დავინიშნე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორად, სადაც ვმუშაობდი 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით. უდიდესი გამოცდილება შევიძინე, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო მეცხოვრა მარტო უცხო ქალაქში 4 წლის განმავლობაში.
2012 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მუშაობა განვაგრძე ჩემს რეგიონში, ჩემს ქალაქში და გახლდით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი.
ამ 15 წლის განმავლობაში, უშუალოდ გამოვიძიე მრავალი რთული კატეგორიის საქმე. წლების განმავლობაში ვზედამხედველობდი არაერთ გახმაურებულ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიებას. ამისთვის მადლობელი ვარ პროკურატურაში მიღებული გამოცდილების და ჩემი კოლეგების.
დღეს ჩემს პროფესიულ კარიერაში ახალი ეტაპია. თხუთმეტწლიანი საქმიანობის შემდეგ, საკუთარი სურვილით მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო კერძო საადვოკატო საქმიანობა. ვთვლი, რომ დიდი გამოცდილება საგამოძიებო, თუ სასამართლოში გამოსვლის სფეროში, ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ადამიანებს, ვინც ჩემი მომსახურეობით ისარგებლებს.
ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი უპირატესია, განურჩევლად იმისა, პროცესის რომელ მხარეს დგახარ. ჩემთვის უფლებადამცველის ახალი სტატუსი იქნება მორიგი გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის სფეროში ადვოკატირება გულისხმობს რთულ სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის უფლებების დაცვას. შესაბამისად, ადვოკატი საქმეს უნდა მოეკიდოს დიდი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით. ჩემთვის კარგად არის ცნობილი საგამოძიებო ორგანოების მუშაობის სტილი და სპეციფიკა, შესაბამისად, სწორად შემიძლია განვსაზღვრო კლიენტის ინტერესების დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა, სასამართლოში ეფექტურად მოვახდინო პოზიციის წარმოდგენა.
დღეს მოქალაქეებს ვთავაზობ სრულ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რაც მოიცავს სამართლებრივ კონსულტაციებს, პროცესის მონაწილეთა ინტერესების წარმოდგენას, ასევე საერთო სასამართლოებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვას. ჩემი ოფისი მდებარეობს რუსთავში, თუმცა სპეციფიკის გათვალისიწნებით, მიწევს სხვა ქალაქებშიც საქმიანობის განხორციელება".