დღეს გაგაცნობთ ახალგაზრდა კალიგრაფს რუსთავიდან, ნიკა ღუნაშვილს.
მისი ყველა ნამუშევარი თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ხელოვნების ნიმუშად.
ნიკა კალიგრაფიით 8 წლის ასაკში დაინტერესდა, პროფესიულ დონეზე შესწავლა დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ სტრასბურგში 6 თვის განმავლობაში იმოძრავა მის მიერ შექმნილი ქართული ანბანით გაფორმებულმა ტრამვაიმ. ეს მოვლენა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნებოდა.
ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკა ღუნაშვილი ქმნის კალიგრამებსაც.
თავისუფალ დროს ხელნაწერებსაც უთმობს ან სხვადასხვა თემაზე, დამოუკიდებლ ნამუშევრებს ასრულებს. აქედან, ზოგი კონკრეტულ მოვლენას ან თარიღსაც უკავშირდება.
მოკლედ, აუცილებლად უნდა იცნობდეთ ამ უნიჭიერეს ბიჭს, რომელიც საკუთარ ისტორიას თვოთონვე გიამბობთ.
"კალიგრაფიით პირველად 8 წლის ასაკში დავინტერესდი. მთავარი მოტივაცია კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრები იყო, რომელიც შემდეგ ჩემი მასწავლებელი გახდა. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს კალიგრაფი ვარ.
კალიგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხელნაწერებს თითქმის ყოველ კვირას ვქმნი. მსოფლიოში არაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც სამი სახის დამწერლობა აქვს, თან სამივე ასეთი დახვეწილი და ლამაზი. სწორედ ამიტომ ქართულ კალიგრაფიასა და დამწერლობას სათანადო მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ვამაყობ, რომ ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც ასეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ერთ-ერთი ფაქტი, რომელზეც მინდა გიამბოთ. დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მთხოვეს ანბანის შექმნა, რომელსაც დაიტანდნენ ტრამვაიზე. რაც შეეხება იდეას, ანბანი კიდურყვავილოვანი სტილის მიხედვით შევქმენი. ეს არის ძველი ქართული სტილი, რომელსაც იყენებდნენ ხელნაწერებში, სახელ – გვარის ასოებში, სათაურებში. სწორედ მისი განახლებული ვერსიაა სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი – დღეს მოქმედი 33 ასო-ბგერა, შევცვალე ფერები, დავამატე გარკვეული დეტალები. ამ პროექტზე, დაახლოებით, ერთი თვე ვმუშაობდი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს ფაქტი ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა.
რუსთავში არსებობს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი "მთაწმინდელი", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლოს კალიგრაფია. აქვე დავამატებ, რომ ქართულ კალიგრაფიას და ზოგადად ქართულ დამწერლობას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე რიგითი ადამიანების მხრიდანაც. არაა საკმარისი მხოლოდ ვიამაყოთ ქართული დამწერლობით, მას შენარჩუნება და განვითარება სჭირდება, როგორც სახვითი ხელოვნების დარგს".