"მისტერ ოთხმაგი დუბლი"

2023-12-17 16:44:35

რუბრიკაში "გაიცანით რუსთაველია" დღეს ახალგაზრდა წარმატებული რუსთაველი სპორტსმენი, ლუკა ტაბაღუა უნდა გაგაცნოთ.

ავტორიტეტული მედია საშუალება Overtime Europe სოციალურ ქსელში, რუსთაველი კალათბურთელის შესახებ ვიდეო შემდეგი აღწერით განთავსდა: "რა არის საუკეთესო მეტსახელი კალათბურთში? ეს ბიჭი: მისტერ ოთხმაგი დუბლი. ლუკა ტაბაღუამ U16 ფინალებში გაიბრწყინა".

დანარჩენს კი გნვლილ გზაზე "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად ლუკა მოუყვება.


"კალათბურთი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, სპორტის ამ სახეობისადმი დიდი ინტერესი ჩემმა უფროსმა ძმებმა ჩამინერგეს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მათ თამაშებზე საგულშემატკივროდ დავდიოდი. 6 წლის ასაკში თავადაც  შევედი კალათბურთზე. ოთარ ხმელიძესთან ავიდგი ფეხი, სწორედ მან გამიასმაგა სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული და შეიძლება თამამად ითქვას, მისი დამსახურებაა, რომ დღეს კალათბურთელი ვარ.

ძალიან სასიამოვნოა როდესაც ბავშვობიდან გაქვს რაღაც ინტერესი, იწყებ გარკვეულ საქმეს, დროთა განმავლობაში ავითარებ, მუდმივად ცდილობ გააუმჯობესო და უკეთესი გახდე. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრების, მათი თანადგომის გარეშე ალბათ ამდენს ვერ მივაღწევდი. ასევე მწვრთნელების, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მომცეს, კალათბურთი უზომოდ შემაყვარეს და მასწავლეს, თუ რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად.

მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, მთავარია ბევრი იშრომოს, ჰქონდეს გარკვეული მიზანი და ნიჭი შრომით განავითაროს. ძალიან ბევრი ვარჯიშია საჭირო წარმატების მისაღწევად, ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილ მოთამაშეებთან ურთიერთობა და ამ გამოცდილების გზიარება.


გამორჩეულად სასიხარულო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ამიყვანეს. წელს ვითამაშე ევროპის ჩემპიონატი, სადაც წარმატებულად ვიასპარეზეთ. ბიჭების გუნდურობით, თავდაჯერებულობით და ბრძოლისუნარიანობით დავდეთ შედეგი, რომელიც, როგორც ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატება იყო. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 16 წლამდელთა ნაკრები ა დივიზიონს ითამაშებს. იქ ჩატარებულმა შეხვედრებმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ენით აღუწერელია თუ რას ვგრძნობ, როდესაც ნაკრების მაისური მაცვია. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა.

ამასთანავე, ვარ რუსთავის სუპერლიგის გუნდის წევრი. 2 თვის წინ შედგა ჩემი დებიუტი რუსთავის დიდ გუნდში. ემოციურად ყველაზე გამორჩეული თამაში იყო ჩემთვის, რადგან 4-5 წლიდან გულშემატკივრობდე შენი ქალაქის  გუნდს, გავიდეს წლები, ჩაიცვა გუნდის მაისური და გამოხვდე ამ გუნდის სახელით, უდიდეს ემოციასთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩემი აზრით, ყველა რუსთაველი კალათბურთელი ბავშვის ოცნებაა, რომ ერთი თამაში მაინც ითამაშოს რუსთავი1991-ის სახელით.

ვისურვებდი, საკალათბურთო დარბაზი მუდამ სავსე იყოს და გულშემატკივრებით სავსე დარბაზში ვითამაშოთ. გუნდის ყველა წევრი სულ სხვა სტიმულით თამაშობს, როცა დარბაზი მაყურებლის შეძახილებით გუგუნებს, ერთგული ქომაგის თვალწინ ასპარეზობა განსაკუთრებული რამაა და მოხარული ვარ, რომ რუსთავში ეს ნამდვილად არ გვაკლია.

სამომავლო მიზნების განსახორციელებლად მზად ვარ თავდაუზოგავად ვიშრომო, ვინაიდან ღრმად მწამს, რომ ნიჭი შრომით იწვრთნება. მსურს იმდენს მივაღწიო ამ სფეროში, რომ ჩემივე მიღწევებით უდიდესი სიამოვნება მივიღო".

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები