მისი ფსევდონიმია ერკოლე, რომელიც სტუდენტობისას მხატვარმა მაესტრო ჯოვანიმ დაარქვა.
იტალიურად ერკოლე ირაკლის ნიშნავს. დიახ, დღეს უნდა გაგაცნოთ ირაკლი თათარაძე - 41 წლის ხატმწერი რუსთავიდან, რომელიც მის უნიკალურ კვალს ტაძრების კედლებზე ტოვებს.
ირაკლის ავტორობით ფრესკებს რუსთავის არაერთ ეკლესიაში შეხვდებით. ჯამში, უკვე მოხატული აქვს 21 ტაძარი.
მან განათლება ბათუმის სასულიერო სემინარიაში მიიღო.
ამჟამად ქუთაისში, ბზობის სახელობის ტაძრის მოხატვით არის დაკავებული.
თუ ძველბერძენი ფილოსოფოსი პროტაგორა ფიქრობდა, რომ "ადამიანი ყველაფრის საზომია", ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი პირიქით ფიქრობს, რომ "ყველაფრის საზომი არის მოყვასი".
"ხატვა დავიწყე პირველი თუ ლაპარაკი არ ვიცი. მამაჩემი მიხატავდა ხოლმე ცხოველებს. პირველი ფრესკა სახლში დავხატე. მაშინ მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მახსოვს, მთელი სახლის კედლები დავხატე.
ბავშვობაში რაღაც პერიოდი არ ვაკეთებდი ამ საქმეს. შემდგომ მუსიკით დავინტერესდი. ჯგუფებში ვუკრავდი, მაგრამ მოხდა ასეთი რაღაც, დამემართა ავადმყოფობა და ეს იყო განმაპირობებელი, თითქოს გზა გამოჩნდა, რომელსაც უნდა გავყოლოდი და დავბრუნებოდუ იმ ძველ ბავშვობის მისწრაფებას.
სულ ვფიქრობ, რამე არ დავაკლო. დილის რვიდან ღამის თერთმეტამდე ვხატავ. შეიძლება რამდენიმე საათი დამჭირდეს, ვუყურო თეთრ, ცარილელ კედელს და განვსაზღვრო, აქ რა იქნება. ნიჭი, რომელიც ღმერთმა მომცა, ვცდილობ, რომ ისევ მის სადიდებლად გამოვიყენო.
მიმუშავია ბათუმში, ქუთაისში, გურიაში, ეს რაც შეეხება დასავლეთს. რა თქმა უნდა, არაერთი ტაძარი მომიხატავს რუსთავში, თუმცა ჩემი საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებულად გამოვყოფდი მონასტრის მოხატვას. ეს პროცესი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. მამა დანიელი რომ არ ყოფილიყო და რომ არ ყოფილიყო ეგ მონასტერი და იქ იძულების წესით ვაკეთებდი ნამდვილად ყველაფერს, რადგან არაფრის კეთებდა აღარ მინდოდა ამ ქვეყანაზე, არ ვიცი ჩემს თავს რა იქნებოდა.
ამითი საშუალება მეძლევა მეც ვიცხოვრო, ჩემს შვილებსაც რაღაც შევუქმნა და კიდევ სხვა საკითხია, როცა ცდილობ შენი საქმით ხელი შეუწყო მოძღვარსაც".