15 წლის იუველირი რუსთავიდან

2023-11-26 17:58:32

ჩვენი დღევანდელი რუბრიკა, ჩემი აზრით, განსხვავებულია და ძალიან კარგ, ნიჭიერ ბიჭზე გიყვებათ, რომელიც მისი ასაკისთვის არასტანდარტული საქმიანობითაა დაკავებული და თავს საკმაოდ წარმატებითაც ართმევს.

მის საქმიანობაში დედ-მამაც ჩართულები არიან. საოჯახო საქმეში კი მთავარ როლს 15 წლის გიორგი ჩიტია ასრულებს.

"15 წლის ასაკში ნებისმიერი ჩემი თანატოლი ძიებაშია აკეთოს რაიმე განსხვავებული და თან სიამოვნება მიიღოს ამით. რა თქმა უნდა, სკოლის განათლება აუცილებელია და ჩემი მშობლები ყოველთვის ამას შთამაგონებენ, მაგრამ  პარალელურად, მინდოდა საკუთარი თავი მეპოვა ისეთ სფეროში, სადაც არ მომბეზრდებოდა და პირიქით, ყოველ დღე სტიმული მომეცემოდა მეტის კეთების.


თავიდან დავიწყე სპორტით, შემდეგ სამხატვრო სკოლაშიც ვისწავლე, მაგრამ რატომღაც ვერსად დავუდე გული. თუმცა, ხატვა ძალიან მიყვარს და როგორც მეუბნებიან, კარგადაც გამომდის, ალბათ სწორედ ამ ნიჭმა შემიწყო ხელი, მეკეთებინა ის, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ თავიანთი საქმიანობა. მამა გახდა ოქრომჭედელი, დედა კი საკუთარი ოქროსა და ვერცხლის აქსესუარების ონლაინ მაღაზიას "Makosi"-ს მართავს. ამჟამად ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქსესუარების უმეტესობას მე ვამზადებ. ჩემთვის ეს საქმიანობა აღმოჩდა ის, რასაც ვეძებდი. თითოეული აქსესუარის დამზადება დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს მიერ დამზადებული ყელსაბამით თუ სამაჯურით ადამიანები ერთმანეთს ახარებენ და ალამაზებენ.


როცა საკუთარ თავში დავრწმუნდი, რომ შემეძლო პროგრამაში დიზაინის შექმნა, შემდეგ ლაზერის დანადგარით მისი გამოჭრა, დამუშავება და საბოლოო შედეგამდე მიყვანა, პირველ რიგში, ჩემთვის საყვარელ ადამიანებს დავუმზადე აქსესუარები და გავახარე. მათგან ისეთი  ემოცია და მოწონება დაიმსახურა, მივხვდი რომ სწორედ ესაა ის, რაც მინდოდა მეკეთებინა.

როდესაც სკოლაში არ ვარ, აუცილებლად ვარ სახელოსნოში და ვსწავლობ მეტს. ჩემი ოცნებაა იმ დონემდე შევისწავლო ეს სფერო, რომ შევძლო და შევქმნა ისეთი დიზაინის აქსესუარები, რაც არასდროს არავის შეუმქნია. მქონდეს ჩემი ხელწერა და ინდივიდუალიზმი, რაც საქართველოში ძალიან იშვიათია".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები