MMA-ის 20 წლის მებრძოლი რუსთავიდან

2022-10-21 19:15:00

ზედიზედ მოგებული ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები და ესპანური კარიერის წარმატებული დასაწყისი - ჩვენი დღვანდელი რუბრიკის გმირი 20 წლის რუსთაველი სპორტსმენი, ბექა კაბულაშვილია.

თავიდან იყო GAMA-ზე განცდილი 2 მარცხი, რამაც სპორტსმენს დიდი მოტივაცია მისცა და მიზნებზე კიდევ უფრო ორიენტირებული გახადა.

როგორც ჩვენი რუბრიკის წესია, საკუთარ ისტორიას "ინფო რუსთავის" მკითხველს ბექა თავად უამბობს.

"მე ვარ ბექა კაბულაშვილი, 20 წლის, MMA-ის მებრძოლი რუსთავიდან.

სპორტული სწრაფვები ბავშვობიდან მქონდა და ვცდილობდი ყოველთვის აქტიურ შემხებლობაში ვყოფილიყავი ამათუიმ სპორტის სახეობასთან.


ჩემი პირველი ოფიციალური გამოჩენა GAMA-მუშტიკრივზე მოხდა, 18 წლის ასაკში, სადაც ორჯერ მივიღე მონაწილეობა და ორივე შეხვედრა დავთმე. ძირითადი გარდატეხა სწორედ მეორე მარცხისას მოხდა, მაშინ გავაანალიზე, რომ თუ მინდოდა მიზნებთან ახლოს მივსულიყავი, უნდა დამეთმო და მსხვერპლად გამეღო ყველაფერი.

მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი საზღვარგარეთ და იქ გამეგრძელებინა ოცნებებისაკენ სწრაფვა, სადაც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოვახდენდი ჩემს საქმიანობაზე. ჩამოვედი ესპანეთში, მივაკითხე არაჩვეულებრივ გუნდს, SUTEMI-ის აკადემიას სადაც ძალიან თბილად  შემხვდნენ და მცირე დროის მონაკვეთში, მოახერხეს, რომ ეს ხალხი ჩემთვის ოჯახივით გახდა.


ბევრი შრომისა და მუშაობის შემდეგ, მოვახერხეთ პირველი გამარჯვების მოპოვება. მალევე მეორე ბრძოლაშიც გავიმარჯვეთ. მესამე ბრძოლა შვიდ ოქტომბერს ალიკანტეში WOW FC-ის ეგიდით გაიმართა, რომელიც ესპანეთში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა და მომეცა შანსი, რომ გამომეჩინა თავი. ესპანელ მეტოქეს, რუბენ ფრიასს დავუპირისპირდი და სამრაუნდიანი დომინაციით გამარჯვების მოპოვება მოვახერხე. რა თქმა უნდა, წინ დიდი მიზნები გვაქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია.


მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში, განსაკუთრებით ჩემს ოჯახს".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები