დღს გაგაცნობთ ნიკა გუჯაბიძეს, 26 წლის მებაღე-დეკორატორს რუსთავიდან.
მცენარეების დიდი მეგობარი - ასე დავარქვით ჩვენ ადამიანს, რომლის დეკორატიულ ქმნილებებსაც შესაძლოა, დედაქალაქის ქუჩებში ძალიან ხშირად ხედავდეთ.
ახდენილ ბავშვობის ოცნებაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც მიზნისკენ სწრაფვას თან ახლდა, "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად ნიკა მოუყვება.
"მე ვარ ნიკა გუჯაბიძე, 26 წლის მებაღე- დეკორატორი. აქამდე მისასვლელად რთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო გზა გავიარე. ამ საქმისადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. ხშირად მივდიოდი ხოლმე სოფელში და სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი, ასე დაიწყო ამ პროფესიით ჩემი დაინტერესება.
ჩემი ოცნება და სურვილი იყო, რომ მებაღეობა პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა და ამ კუთხით უფრო მეტად განვვითარებულიყავი. ვეძებდი ისეთ სასწავლებელს,სადაც უშუალოდ მებაღეობას შევისწავლიდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვპოულობდი და სარესტორნო საქმის წარმოების სპეციალისტის კურსზე ჩავაბარე პროფესიულ კოლეჯ "იკაროსში". კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში ვმუშაობდი კარგ პოზიციაზე, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიის გამო, სხვა ყველაფერთან ერთად, სასტუმროც დაიკეტა და უმუშევარი დავრჩი.
აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემდა საბედნიეროდ, სწორრედ ამ დროს, კოლეჯ მოდუსში გამოცხადდა მებაღეობის სადიპლომო კურსზე მიღებებები. კონკურენცია დიდი იყო და მხოლოდ 15 საუკეთესო მოხვდებოდა ამ პროფესიაზე კოლეჯში. მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოვხვდი საუკეთესო 15-ეულში და ჩემი ბავშვობის ოცნებაც ავისრულე.
სწავლის დროს რუსთავის სანერგე და სასათბურე მეურნეობაში პრაქტიკებსაც გავდიოდით. მე პრაქტიკის გარდა, ყოველდღე დავდიოდი სანერგეში და პროფესიონალ მებაღეებს ვეკითხებოდი ბევრ რამეს. მათაც არ ეზარებოდათ და ყველაფერს მიხსნიდნენ. შემდეგ კი ჩემში სწავლის პოტენციალი დაინახეს და სანერგეში შემომთავაზეს მებაღედ მუშაობა. იქ მუშაობის პერიოდში ძალიან დამაინტერესა დეკორატიული ბუჩქების ფორმირებამ, გადავწყვიტე კარგად შემესწავლა და მაგ განხრით გავყოლოდი ამ პროფესიას.
სწავლის დასრულებამდე სანერგეში ვმუშაობდი, შემდეგ კი ცოდნის კიდევ უფრო გასაღრმავებლად გადავწყვიტე თბილისში გამეგრძელებინა მოღვაწეობა და გამწვანებაში დავიწყე მუშაობა. თბილისის გამწვანებაში კიდევ ბევრი რამ შევისწავლე და მას შემდეგ ქალაქში, პარკებში და სკვერებში ვაფორმირებ დეკორატიულ ბუჩქებს და ვქმნი ლამაზ ნამუშევარს. ამასთანავე, სხვადასხვა კერძო კომპანიაშიც ვაკეთებ დეკორაციებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს, განვითარებას ვაგრძელებ.
მომავალ თაობას გირჩევთ, დაისახეთ მიზნები, იბრძოლეთ თქვენი წარმატებებისთვის და არა სხვისი მიზნებისთვის. თუ მოინდომებთ, ისწავლით, იშრომებთ და არ დაიზარებთ, აუცილებლად თქვენც მიაღწევთ სასურველ მიზანს".