თათა გელოვანი - წარმატებული ფინანსური მრჩეველი მსოფლიო ბაზარზე

2023-09-30 14:25:42

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი უნიჭიერესი და ძალიან წარმატებული რუსთაველი გოგონა, თათა გელოვანია.

ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, თუმცა განვლილ კარერულ გზაზე თქვენთვის ნამდვილად ბევრი აქვს სათქმელი.

თათა ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონის წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს.

ამავდროულად, საქმიანი ურთიერთობა აქვს ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა: PayPal, Stripe, Klarna, Braintree, Tipalt. 

რა გზა გაიარა და რა ეტაპზეა ახლა - საკუთარ ისტორიას თათა თავად მოუყვება ჩვენს მკითხველს.


"მე თათა გელოვანი ვარ. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე 100% იანი გრანტის მოპოვების პარალელურად, პატივი მერგო, ბაკალავრის საფეხურზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით მესწავლა უნგრეთის ნომერ #1 - სეგედის უნივერსიტეტში, სადაც პირველად ვეზიარე უცხოურ კულტურას და მაშინ მივხვდი, რომ თავდაუზოგავი სწავლის პარალელურად, ძალიან მომწონდა უცხო ქვეყნების ბაზრისა და მახასიათებლების შესწავლა.უნივერსიტეტის პირველივე დღიდან, ჩემი განხრით ვმუშაობდი. უნივერსიტეტიდან სამსახურში მივდიოდი. ამავდროულად ყოველთვის ვცდილბდი, აკადემიური მოსწრება სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყო. საკმაოდ სტრესული იყო, თუმცა ვფიქრობ, ამ პერიოდმა ძალიან ბევრი უნარი მომცა და სტრესის ქვეშ მუშაობა მასწავლა, რაც გადამწყვეტი ფაქტორიც კი შეიძლება იყოს წარმატების მიღწევაში.

როდესაც ფინანსების განხრით ინგლისურენოვანი სექტორის ბაკალავრიატი დავამთავრე და მაგისტრატუსითვის ევროპაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, 22 წლის ასაკში, არსებულ კომპანიაში იმ ჯგუფის ლიდერობა შემომთავაზეს, რომელიც უცხოურ კომპანიაში მილიონობით დოლარის გადახდას და შემოსავალს აკონტროლებდა ელექტორნული კომერციის პლატფორმებზე. გადავწყვიტე საქართელოში გამეგრძელებინა მაგისტრატურაც, რადგან ასეთი შანსი ამ ასაკში ბევრს არ ეძლევა. ვისწავლე პროექტების მენჯმენტი და ასე მოვხვდი ფინტექ სფეროში, რომელმაც საბოლოოდ დამანახა რისი კეთება მომწონს და რისთვის შემიძლია დაუღალავი შრომა. მიწევდა ტექნიკურ დეველოპერებთან ურთიერთობა, საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სისტემების პროქტების მენეჯმენტი. საბოლოო პროექტი, რომელზეც პარალელურად ვმუშაობდი, იყო საქართველოში ახლადშემოსული ევროპული კომპანია, რომელშიც ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ეროვნული ბანკის ლიცენზიისგან მიღების საკითხში, კერძოდ, ვადგენდი გადახდის პროცესორებში და ელექტრონულ საფულეებში ფულისა და ინფორმაციის მოძრაობის სქემებს და აღწერილობებს.


კომპანიამ გასაუბრების ეტაპზე ჩემი კვიპროსში ვიზიტი დააფინანსა, რაც ასევე სასიამოვნო იყო. აქვე გავეცანი ფულის გათეთრების აღკვეთის მსოფლიო პრაქტიკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერი კომპანიების მახასიათებლებს, რაც ჩემს სფეროში ძალიან გამომადგა. პარალელურად, მივიღე შემოთავაზება, რომ არსებული კომპანიის მთავარ ოფისთან, რომელიც ისრაელში მდებარეობს, გამეფორმებინა კონტრაქტი ფინანსური მრჩევლის პოზიციაზე. ამჟამად, ტექნიკურ მხარეებთან ერთად, ვაკონტროლებ სისტემებს, რომლებიც აღწერს კომპანიის მიერ გადახდის მრავალი სახის გადასახადს, ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. მაქვს ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა PayPal, Stripe, Klarna, Braintree, Tipalti და ა.შ. ასევე, მევალება ფინანსური რიცხვებისა და რეპორტების კონტროლი, სისტემური ხარვეზების მოგვარება.

ფინანსებთან ერთად, ყოველთვის მიდრეკილი ვიყავი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსკენ, ამიტომ გადავწყვიტე, მაგისტრატურა ამ მხრივ გამეგრძელებინა. უკვე რომ მივხვდი, ევროპული განათლების ამოვწურე, გადავწყვიტე დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით ამერიკაში წასვლა, რისთვისაც ნახევარი წლით ადრე ვემზადებოდი. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ იმ უნივერსიტეტმა, რომელიც მე მინდოდა, გაცვლითი პროგრამა არ გამოაცხადა. რაიმე უნდა მეღონა. უნივერსიტეტს მეთვითონ დავუკავშირდი და ჩემი პროფილი გავაცანი, საბოლოო ჯამში, გამონაკლისის სახით, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებების გაცვლით პროგრამაზე ამირჩიეს ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში, სადაც სწავლა ასევე მიფინანსდება. აქ მივხვდი, რომ ამერიკაში შენი ხმა ყველას ესმის, მთავარია ბოლომდე გაიტანო შენი იდეა და დაანახო რამდენად უღირთ შენი იქ ჩასვლა. მიღების წერილმაც არ დააყოვნა, ამის შემდგომ ჩემმა უნივერსიტეტმა 2 კვირიან დაფინანსებულ გაცვლითზე გამგზავნა პოლონეთში. არავინ იცოდა, რომ ამერიკაში ვაპირებდი წასვლას, პოლონეთიდან დაბრუნებისა და ვიზის აღების შემდგომ, დედას დავურეკე და ეს ამბავი ვახარე, თავიდან ვერ მიხვდა, რატომ მივდიოდი 2 კვირაში ამერიკაში, თუმცა ახლა ძალიან ამაყობს.


განათლების ამერიკული, ევროპული და ქართული მოდელები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში უფრო მეტად რეგულირდება შენი ცოდნის დონე, თუმცა შეიძლება ხარისხი ისეთი მაღალი არ იყოს; ევროპაში ლექტორთა ჩართულობა დამაკლდა სასწავლო პროცესში, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული იყო მიღებული ცოდნა. რაც შეეხება ამერიკას, პროფესორები ცდილობენ, სალექციო დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენონ, შენი ვალია, რომ კარგად გაიაზრო და უნარები გაიუმჯობესო, ცოდნას და ჩართულობას ნაკლები ყურადღება ეთმობა, თან არავინ ცდილობს ცოდნის დემოსტრირებას სალექციო პროცესში. თავიდან მეგონა, ამერიკული კონკურენციის ფონზე შეიძლებოდა მეტი შრომა დამჭირვებოდა აკადემიური მიზნების მისაღწევად, თუმცა აქაც ყველა პროექტში თანაკურსელების ნდობა მოვიპოვე და ლიდერობა ვითავე, რადგანაც რასაც აქ ვსწავლობთ, მე უკვე 7 წლიანი გამოცდილება მაქვს (თუ არ ჩავთვლით პროგრამულ ენებს), იქნება ეს ფინანსური, თუ აიტი კუთხე, უბრალოდ ჩემს ცოდნას ერთად ვუყრი თავს და ინტერპერსონალურ უნარებს ვივითარებ. რაც ყველაზე მთავარია, ამჟამად ონლაინ ვმუშაობ და პარალელურად ამერიკას ვეცნობი, თუმცა როგორც ჩანს, ამერიკის ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურობას ძალიან კარგად ვიცნობთ ქართველები, რადგან  ყველაფერი ისეთი დამხვდა, როგორიც წარმომედგინა.

საბოლოო ჯამში, მრავალ ქვეყანაში მოგზაურობის ფონზე მივხვდი, რომ საქართველოში რაიმე ღირებულის შექმნის უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, ვიდრე საზღვარგარეთ ცხოვრების. მაგისტრატურის დასრულების შემდგომ, აუცილებად ვეცდები ცოდნის მონეტიზება მოვახდინო. იმ აბიტურიენტებსა თუ სტუდენტებს, რომელსაც უნივერსიტეტის, როგორც ინსტიტუტის არსებობის ცნება არ მოსწონთ, ვეტყოდი, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ ხარისხის მოპოვება არაა, უნივერსიტეტი გაძლევს საკუთარი თავის კონტროლის, უკეთ ფლობის, დისციპლინის გამომუშავების შესაძლებლობას, რადგან ყოველთვის ფხიზელ მდგომარეობაში გამყოფებს, ცოდნის ათვისებასთან ერთად, რაღა თქმა უნდა. ამიტომ, ამ უნარების განვითარებას დიდი დრო უნდა დავახარჯოთ და საბოლოოდ, შრომა თითქმის ყველა შემთხვევაში ფასდება, თუ ჭკვიანურად, სწორ ადგილას ვიშრომებთ და ჩვენს ენერგიას სწორად წარვმართავთ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები